ახალი ამბები

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე სალომე ზურაბიშვილი გახდა

21 ნოემბერი, 2016 • 1397
დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე სალომე ზურაბიშვილი გახდა

დღეს, 21 ნოემბერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს.

“ვაპირებ იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც აქამდე არ გაკეთებულა საქართველოს დიასპორისთვის. დიასპორა 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს ითვლის და ჩვენს დიდ ძალისხმევას მოითხოვს ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოქალაქეობის მიღების საკითხის დარეგულირება,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით მოადგილის პოზიციაზე ირაკლი მეზურნიშვილი აირჩიეს, ხოლო, ოპოზიციის კვოტით მოადგილის პოსტზე- “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გიორგი ლომია.

გიორგი ლომიას მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა. ირმა ნადირაშვილის თქმით, მართალია, პარტიას ეს კვოტა ეკუთვნის, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები:

“ჩვენ “პატრიოტთა ალიანსის” წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარს ვერ დავუჭერთ ვერც ერთ თანამდებობაზე. ეს პარტია არის პრორუსული ძალა, ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი. როცა უმრავლესობის წარდგენილ კანდიდატებს მხარს ვუჭერთ, ეს კვოტების პატივისცემაა, მაგრამ ირმა ინაშვილის შემთხვევა არის გამონაკლისი. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ფრაქციაში.”

დღეს, ჯამში, 15 კომიტეტის სხდომა გაიმართა. მათგან 3 კომიტეტში [იურიდიულ საკითხთა; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკა; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა] თავმჯდომარის მაოდგილის პოსტზე “პატრიოტთა ალიანსის წევრები აირჩიეს,” ხოლო 12 კომიტეტში- “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი