ახალი ამბები

როგორი იქნება ‘ოცნების’ საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები

31 აგვისტო, 2012 •
როგორი იქნება ‘ოცნების’ საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები

“საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი – ქართულ ოცნებას“ აქვს საგარეო ურთიერთობების განვითარების მწყობრი სტრატეგია. მისი პროგრამა ეყრდნობა რეალიზმის ანუ არსებული ვითარების რეალისტურად შეფასებისა და პრაგმატიზმის პრინციპებს”, – ნათქვამია პროგრამაში და ამ მიმართულებით 15 პუნქტია გამოყოფილი: 

1.  საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი უნდა განისაზღვრებოდეს საქართველოს საშინაო ინტერესებიდან გამომდინარე. მთავარი ამოცანაა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა. საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანი –
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების მიზანს;

2.  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  წარმატების ძირითადი წინაპირობაა დემოკრატიული ღირებულებების უპირობო დანერგვა, ინსტიტუციური დემოკრატიის შექმნა, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე და არა ცალკეული პირების ნების შესაბამისად;

3.  ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანებისაკენ სწრაფვა, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფოს დემოკრატიული მართვისა და ადამიანის უფლებათა სფეროში დამკვიდრებული ღირებულებების გაზიარებას და არა საომარი რიტორიკის და მით უმეტეს, ომისათვის მზადების გააქტიურებას;

4. საქართველო სრულად უნდა იზიარებდეს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ამ მიმართებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და არა ნაცვალგებითი შენატანი პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად;

5.  დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი წინაპირობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ისე შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განეიტრალებასა და კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის წარმატებას;

6. უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს, წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, განავითაროს თანამშრომლობა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულებით, კერძოდ: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები;

7.  საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისათვის საიმედო და პროგნოზირებად პარტნიორად უნდა იქცეს. მისი პოლიტიკა არ იქნება მიმართული მსოფლიო და რეგიონალური მასშტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ. საქართველო პოლიტიკურად მიმზიდვე-
ლი უნდა იყოს თავისი მშვიდობისმყოფელი ხასიათით და არა აგრესიულობით;

8.  ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად. ქარტიას, ისევე როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებებით დასახული ამოცანების შესრულებას, საქართველო უნდა განიხილავდეს როგორც ვალდებულებას, პირველ რიგში, საკუთარი საზოგადოების
წინაშე;

9.  საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის დასავლეთისაგან მიღებული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით უპასუხისმგებლო სარგებლობაზე, პოლიტიკურ სპეკულაციასა და არატრანსპარანტულობაზე, რამაც სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენილობა და პოლიტიკური პრობლემების გაღრმავება განაპირობა, მათ
შორის, საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში. მოკავშირეებისაგან მიღებულ დახმარებას საქართველო უპასუხებს დემოკრატიულობის გაზრდილი ხარისხით და პროგრესით საგარეო და საშინაო პრობლემების მოგვარების საქმეში;

10.  საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება;

11.  ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის განვითარება დაეფუძნება კეთილმეზობლობისა და მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებასა და ტრადიციებს, რომლებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად;

12.  დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად;

13. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ურთიერთობების განვითარება კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან;

14.  საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქტიუროს საქმიანობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მიმართულებით;

15.  საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად საქართველო სრულად გამოიყენებს პროფესიონალ დიპლომატთა ყველა თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს. ამასთან, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქვეყნის აკადემიური და საექსპერტო რესურსები, შეიქმნება კვალიფიციური დიპლომატიური კორპუსის მომზადების სისტემა.

კოალიცია ამჟამინდელ საგარეო–პოლიტიკურ ვითარებასაც მიმოიხილავს საარჩევნო პროგრამაში.

“დღეს საქართველო თავისი უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდში იმყოფება. რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომმა ცხადად გამოავლინა სახელმწიფო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღმასრულებელი სისტემების სისუსტე. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, დანაწევრდა, რადიკალურად გაუარესდა მისი უსაფრთხოების მდგომარეობა, გამწვავდა სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობა და დასავლეთის საიმედო, პროგნოზირებადი პოლიტიკის მქონე პარტნიორის რეპუტაცია”, – ნათქვამია კოალიციის საარჩევნო პროგრმაში.

არსებული ვითარებიდან კოალიცია გამოჰყოფს შემდეგს:

1.  2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლებას აღარ დარჩა ვითარების მოგვარების რესურსი. საქართველო-რუსეთის ურთიერთობა შიდაპოლიტიკური კონიუნქტურის მძევლად იქცა. „რუსულ საფრთხესთან ბრძოლა“ – ეს არის ხელისუფლების ერთადერთი პასუხი საზოგადოებაში არსებულ მწვავე შეკითხვებზე ნებისმიერ საკითხთან, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და  თავისუფლებების, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში არსებულ პრობლემებთან მიმართებით.

2. ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ისეთი მთავარი პრინციპები, როგორიცაა: სამართლიანი სასამართლო, მედიის დამოუკიდებლობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, გამოხატვის თავისუფლება, ლოიალურობა განსხვავებული აზრის მიმართ. დემოკრატიული ინსტიტუტების აშკარა სისუსტემ განაპირობა ავტორიტარული მართვის სტილზე გადასვლა. საქართველომ დაკარგა პოზიციები ევროპულ ასპარეზზე და მასთან ინტეგრაციის ტემპი.

3. საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის აშშ-ის მიერ საქართველო განიხილება რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობათა პრობლემურ, ნეგატიური მუხტის მატარებელ კომპონენტად. კონფლიქტების მოგვარების პროცესების განვითარება არ დგას დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალში;

4. დღეს საგარეო პოლიტიკა არის სახელისუფლებო პროპაგანდის დანამატი, ერთგვარი პიარინსტრუმენტი. ხელისუფლება ახდენს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოსათვის დახმარების გაწევის არსის ინტერპრეტაციას – თითქოს ეს დახმარება ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური სიმპათიით და არა მთლიანად საქართველოს განვითარების ხელშეწყობის სურვილით იყოს განპირობებული.
შედეგად, ხელისუფლების ხშირი, არაპოპულარული მოქმედებები ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაჩენას უწყობს ხელს.

5. ხელისუფლებას არ გააჩნია მწყობრი კავკასიური პოლიტიკა. რეგიონალურ ლიდერობასა თუ პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამაღიზიანებელი ტრაბახის სახე მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი