ახალი ამბები

გაუპატიურება არ შეიძლება იყოს კანონიერი – თურქეთში აქციებს თბილისიდან გამოეხმაურებიან

21 ნოემბერი, 2016 • 2011
გაუპატიურება არ შეიძლება იყოს კანონიერი – თურქეთში აქციებს თბილისიდან გამოეხმაურებიან

“ახალგაზრდა მწვანეები” 22 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისში, თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები თურქეთის პარლამენტში შესულ კანონპროექტს გააპროტესტებენ, რომლის თანახმად, კაცებს, რომელთა წინააღმდეგ საქმე არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მუხლითაა აღძრული საქმეები, შესაძლოა, პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

თურქეთის პრემიერის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, კანონის მიღების შემთხვევაში, ციხიდან გათავისუფლდებიან კაცები, რომლებმაც არასრულწლოვნის წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს 2005 წლიდან 2016 წლის 16 ნოემბრამდე. ბრალდებული კაცები არ დაისჯებიან, თუ დამტკიცდება, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ძალდატანების გარეშე და იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე იქორწინებს მსხვერპლზე.

“თუ 16/11/16-მდე ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი ძალის გამოყენებით, მუქარით ან რაიმე სხვა გზით ნების საწინააღმდეგოდ, მსჯავრდებულს სასჯელი და ბრალდებულს ბრალი მოეხსნება, თუ მოძალადე იქორწინებს მსხვერპლზე. თუ ქორწინება არ შეესაბამება ამ წესდებას და დამტკიცდება დამნაშავის ბრალეულობა, ბრალდებული დაისჯება,” – ვკითხულობთ კანონპროექტში.

The Guargian-ის ინფორმაციით, თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ კანონის მიღება ფართოდ გავრცელებული ადრეული ქორწინების პრაქტიკის გამო იგეგმება. თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი, თუმცა ადრეული ქორწინება გავრცელებული მოვლენაა. ამიტომ იმ კაცებს შორის, რომელთა წინააღმდეგად საქმე სექსუალური ძალადობის მუხლითაა აღძრული, ბევრია ისეთი, ვისაც დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და ქალის ოჯახის თანხმობა ჰქონდა. BirGun-ის ინფორმაციით, თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბეკირ ბოზდაგი ამბობს, რომ კანონი ასეთი ადამიანების რეაბილიტაციისკენაა მიმართული და ეს კანონი მოძალადეებს არ ამართლებს.

კანონპროექტის განხილვა თურქეთში პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. კანონის მიღების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ კანონის ამოქმედება არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევებს გაზრდის.

პროტესტის ნიშნად 19 ნოემბერს სტამბულში მსვლელობა მოეწყო. კანონპროექტის პირველი მოსმენა 18 ნოემბერს გაიმართა და კენჭისყრა, სავარაუდოდ, მომავალ დღეებში შედგება. კანონპროექტის ინიციატორი თურქეთის მმართველი პარტია, “სამართლიანობისა და დემოკრატიის პარტიაა” (AKP).

საპროტესტო აქცია სტამბულში ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ. 18.11.16 ფოტო: EPA/CEM TURKEL

საპროტესტო აქცია სტამბულში ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ – “გაუპატიურებას ვერ დააკანონებთ!” 18.11.16 ფოტო: EPA/CEM TURKEL

მასალების გადაბეჭდვის წესი