დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გელა მიქაძე აირჩიეს. ეს მეორე კომიტეტია, სადაც მათ ოპოზიციის კვოტით თანამდებობა შეხვდათ.
კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტზე “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ბეგაძე აირჩიეს, ხოლო მოადგილის პოსტზე- რევაზ არველაძე.
“მე ამ ადამიანის ბიოგრაფიას გავეცანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური აზრი იყოს წარმოდგენილი. ალტერნატიული აზრის ძალიან დიდი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მან შენი ხედვის კორექტირება და გასწორება უნდა გაგაკეთებინოს,”- ამბობს რომან კაკულია, კომიტეტის თავმჯდომარე.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მათთვის თანამდებობების დანაწილებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს:
“არსებითია კომიტეტში იმ საკითხების გაჟღერება, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ. მეხუთე წელი დაიწყო, რაც ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება, ოჯახებს შემოსავალი უმცირდებათ, მოქალაქეები ღარიბდებიან. ამ კომიტეტში ისეთ ინიციატივებს წარვადგენთ, რომლებიც მიმართული იქნება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გადასახადების დაწევაზე; მიმართული იქნება რეგულაციების გაუქმებაზე, რომ ბიზნესის დაწყება და გაგრძელება უფრო ადვილი იყოს,” – ამბობს ჭიაბერაშვილი და აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა” დიდ დისკომფორტს შეუქმნის ქართულ ოცნებას და ხელს შეუშლის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ნატო ჩხეიძე დღეს, 21 ნოემბერს, ოპოზიციის კვოტით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე აირჩიეს.