ეკა ბესელიას განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ნატო ჩხეიძის კანდიდატურას მხარი გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით დაუჭირა, ხოლო გედევან ფოფხაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად კანდიდატის ოჯახს და მის ღირებულებებს ასახელებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე “ნაციონალურ მოძრაობას” ოთარ კახიძე ჰყავდა წარდგენილი, ხოლო “პატრიოტთა ალიანსს”- ნატო ჩხეიძე. ნატო ჩხეიძეს მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ოთარ კახიძეს- ოთხმა.
ეკა ბესელიას განცხადებით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გენდერული ბალანსის დაცვაა:
“ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო გამოცდილება და ქალბატონი ნატო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მის საქმიანობას ვიცნობ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის დაცვა. ამ მხრივაც სულ ასეთი პოზიცია მქონდა,”- აღნიშნა ბესელიამ.
“ქართული ოცნების” კიდე ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ კომიტეტის სხდომაზე თავისი მოტივაციის ახსნისას ნატო ჩხეიძის მამა, მწერელი ოთარ ჩხეიძე ახსენა:
“მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ვიცნობ მას, ვიცნობ მის ბიოგრაფიას, ოთარ ჩხეიძეს ვიცნობ და მის შემოქმედებას; მგონია, რომ მისი სახით ჩვენს კომიტეტში არის მაღალი ღირებულებების, სტანდარტების ადამიანი, ხოლო მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება. ნატო ჩხეიძეს აქვს ის ღირებულებები, რაც ჩემთვის ახლობელი და მისაღებია.”
“ნეტგაზეთის” კითხვას, თუ რატომ არის კანდიდატის ოჯახი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ფოფხაძე პასუხობს:
“ჩემთვის ამასაც აქვს მნიშვნელობა. ოთარ ჩხეიძე ერთ-ერთი დიდი ქართველი მწერალია, რომლის შემოქმედება ძალიან საინტერესო და ღირებულებითია. მე მის ძმასთან, როსტომ ჩხეიძესთანაც მაქვს პირადი, მეგობრული ურთიერთობა და ძალიან ღირსეული ოჯახია, ქართული, ეროვნული. კარგი ადამიანები არიან და ნამდვილად, ქართული, კლასიკური ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან,”- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.