ახალი ამბები

საქართველოს შიდა კონფლიქტები ‘ქართული ოცნების’ საარჩევნო პროგრამაში

31 აგვისტო, 2012 • • 2815
საქართველოს შიდა კონფლიქტები ‘ქართული ოცნების’ საარჩევნო პროგრამაში

კონფლიქტების მოგვარებაზე “ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნების” ხედვა ბლოკის საარჩევნო პროგრამაში 21 პუნქტს მოიცავს, სადაც საუბარია საქართველოს შიდა კონფლიქტებში რუსეთის როლზე, კონფლიქტების მოგვარების გზებსა და ძალადობის ესკალაციის თავიდან აცილებაზე.

“ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში საქართველოში შიდა კონფლიქტების წარმოქმნა მნიშვნელოვანწილად განაპირობა რუსეთის დაინტერესებამ, შეენარჩუნებინა რეგიონალური გავლენა. რუსეთი ხელს უწყობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დაპირისპირების განვითარებას, რაც შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაიზარდა. რუსეთის ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული დაჯგუფებები, ისევე როგორც არმიის ქვედანაყოფები, უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში.

ქართული ოცნების აქცია ბათუმში/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ქართული ოცნების აქცია ბათუმში/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

“რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განსაკუთრებით ნათლად აისახა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც იგი სამხედრო ძალებით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ოკუპაცია, აღიარა მათი დამოუკიდებლობა და გააფორმა ორმხრივ ურთიერთობათა აქტები, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვერც აგრესიის პრევენცია და ვერც მისი მოგერიება, რაც შესაძლებელი იყო, რომ არა მის მიერ დაშვებული მძიმე სტრატეგიული შეცდომები. კერძოდ, ხელისუფლების გაუაზრებელმა მოქმედებებმა და რიტორიკამ გამოიწვია საერთაშორისო ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესების ჩაშლა; ხელიდან გაუშვა ის უპირატესობა, რასაც სამშვიდობო პროცესებში მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური და პოლიტიკური მონაწილეობა იძლეოდა; პოლიტიკური და

 

სამხედრო თვალსაზრისით არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უშუალოდ საომარი მოქმედებების დაწყებისა და განვითარების დროს”, – წერია საარჩევნო ბლოკის მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო პროგრამაში, სადაც საუბარია საქართველოს შიდა კონფლიქტების არსზე.

პორგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ “ინტენსიურად მიმდინარეობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოებების ურთიერთგაუცხოების პროცესი. ამ ტენდენციას ხელს უწყობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის საზოგადოებათა უნდობლობა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რასაც რუსული პროპაგანდა ადვილად აღრმავებს ოფიციალური თბილისის აგრესიული რიტორიკისა და პროვოკაციული მოქმედებების ფონზე.

საარჩევნო ბლოკში “ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება” შემავალი პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების საფუძვლის მოსამზადებლად აუცილებელია მიმდინარე დესტრუქციული პროცესების შეჩერება, სტაბილური უსაფრთხო გარემოს შექმნა, პროვოკაციების საფრთხის პრევენციის მყარი
მექანიზმის ჩამოყალიბება, უსაფრთხოების გარანტირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა;

საარჩევნო პროგრამის ერთ–ერთ პუნქტში ასევე აღნიშნულია, რომ საგანგებო მნიშვნელობის ამოცანაა, გაბათილდეს არგუმენტი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ფიზიკური დაცვა გარე სამხედრო ძალებითაა აუცილებელი;

“კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების საკითხებთან დაკავშირებულ პოზიციათა პრინციპული განსხვავების მიუხედავად, ქართველმა, აფხაზმა და ოსმა საზოგადოებებმა ერთად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა როგორც რეგიონის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხოებისათვის, საერთო ლოზუნგით – „ავარიდოთ შვილებს ომის საფრთხე“;

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნები, ისევე როგორც არჩეული სახელისუფლებო სტრუქტურების არსებობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო პოლიტიკურ ფორუმებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მიუხედავად ამისა, კონფლიქტების მოგვარების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს დე ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისათვის”, – აღნიშნულია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში, რომელიც დღეს, 31 აგვისტოს გამოქვეყნდა.

პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ აფხაზურ და ოსურ დელეგაციებთან მოლაპარაკებები უნდა იმართებოდეს როგორც კონფლიქტების მხარეებთან, 2008 წლის აგვისტოს ომამდე გამოყენებული პრაქტიკის შესაბამისად. ქართული მხარე მზად უნდა იყოს გონივრული კომპრომისებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, შექმნის სამშვიდობო პროცესების განვითარების პირობებს და იგივე მიდგომა უნდა მოითხოვოს დაინტერესებული მხარეებისაგან.

“რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება ჩვეულ, მწვავე კონფრონტაციის რეჟიმში კონტრპროდუქტიულია. რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობა, არა მისი ცალმხრივი განცხადებით, არამედ მოლაპარაკებების პროცესებში მისი ჩართვით, უნდა იქნეს გარანტირებული. საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის კონსტრუქციული მოლაპარაკებების ფორმატში მოქცევას”,– წერია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში.

აღნიშნულ დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ კონლიქტის მოგავრებისა და მხარეთა დაახლოების პროცესში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე უნდა შეიქმნას კონფლიქტის მოსაზღვრე რეგიონების განვითარების ფონდები. ასევე, სამეგრელოსა და შიდა ქართლში უნდა აშენდეს თანამედროვე სამედიცინო ცენტრები, რომლებიც მოემსახურებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან გადმოსულ პაციენტებს.

საარჩევნო ბლოკის მოსაზრებით, საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარება პირდაპირაა დაკავშირებული დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და არჩევნების სამართლიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში
ჩატარებასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი