ახალი ამბები

უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის არსებით განხილვას იწყებს

21 ნოემბერი, 2016 • 1270
უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის არსებით განხილვას იწყებს

უზენაესი სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს, რუსთავი 2-ის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განიხილავს – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის ადვოკატები ავრცელებენ.

როგორც ნეტგაზეთს ტელეკომპანიის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ სხდომის 21 ნოემბერს დანიშვნის შესახებ მათ ტელეფონით შეატყობინა. იურისტის თქმით, ასევე არ აქვს ინფორმაცია, რომელ საათზე იქნება საქმის განხილვა. იურისტის განმარტებით, კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადა 25 ნოემბერს იწურება.

“25 იანვარს გადის კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა. ჯერ კიდევ ჰქონდა დრო. ამიტომ, გაგვიკვირდა – მაინც აჩქარებული წესით არის ჩანიშნული. ამიტომ არ ვიცით, დღესვე გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ კიდევ რამდენიმე დღე იმსჯელებს. სასამართლო 25 იანვრამდეც შეუძლია არაფერი თქვას იმიტომ, რომ ვადა აქვს კანონით,”- განუცხადა ნეტგაზეთს თამთა მურადაშვილმა.

რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად 2016 წლის 9 სექტემბერს ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი