ახალი ამბები

პოლიცია აგრძელებს შეიარაღებული ჯგუფის წევრების ძებნის ოპერაციას

30 აგვისტო, 2012 •
პოლიცია აგრძელებს შეიარაღებული ჯგუფის წევრების ძებნის ოპერაციას

“ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია. მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან”, – აცხადებენ შსს-ში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი სალომე მახარაძე არ ფლობს ინფორმაციას ჯგუფის ლიკვიდირებული წევრების რელიგიური კუთვნილების თაობაზე, მათ შორის იმაზე, არიან თუ არა ისინი მუსლიმი მებრძოლები, ე.წ. მოჯაჰიდები, რაზეც დაღესტნის ერთ-ერთმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც, როგორც წესი, მოჯაჰიდების განცხადებებს ავრცელებს. ამის მიუხედავად, შსს-ში აცხადებენ, რომ “გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად.”

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ საფუძვლიანი ვარაუდის შესახებ, რომ შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შეიძლება იმალებოდეს ხეობაში:

 

“დივერსანტთა ჯგუფი სავარაუდოდ 20 (ოცი) შეიარაღებული პირისგან შედგება. პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გუშინ, შუადღისას შსს ავრცელებდა ცნობას, რომ მოახდინეს შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფის 11 წევრის ლიკვიდაცია და კიდევ 6 წევრი ჰყავდათ ალყაში. იმის მიუხედავად, რომ სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და ლოპოტას ხეობაში დამატებითი ძალები იქნება შეყვანილი, ჯგუფის დარჩენილი წევრების დაკავება ქართველმა სამართალდამცავებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

 

სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც მძევლად აყვანილი 5 ლაფანყურელი ახალგაზრდის გათავისუფლების მოტივით დაიწყო 28 აგვიტოს, 3 სპეცრაზმელი და შეირაღებული ჯგუფის 11 წევრია ლიკვიდირებული.

ლაფანყური
ლაფანყური

მასალების გადაბეჭდვის წესი