ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

18 ნოემბერი, 2016 • 1480
ირაკლი კობახიძე საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს, 18 ნოემბერს, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. მას მხარი 118-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო სამმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. მის ასარჩევად საჭირო იყო არანაკლებ 76 დეპუტატის ხმა. 138-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია.

ირაკლი კობახიძე 2015 წლიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი და ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია.

პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯომარემ 2002-2006 წლებში დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ხოლო 2002-2005 წლებში დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის წოდება მიიღო.  1995-2000 წლებში იურისტის კვალიფიკაციით სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2014 წლიდან დღემდე კობახიძე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ასოცირებული პროფესორია, 2011 – 2014 წლებში მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლაში, 2011 – 2013 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2009 – 2010 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 2007 – 2008 წლებში იყო თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 2005 – 2012 წლებში  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.

2013 – 2014 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი, ხოლო 2011 – 2012 წლებში- გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი რეგიონული განვითარების საკითხებში, 2011 – 2012 წლებში იყო საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.

2011 – 2012 წლებში-  ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი, 2009 – 2011 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი.

2006 – 2008 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის /სსიპ – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ხოლო 2000 – 2001 წლებში – USAID/Overseas Strategic Consulting Ltd-ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი