საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართვას პარლამენტარებისადმი დამრიგებლური ტონი ჰქონდა.
“დამრიგებლის ტონმა გამაოცა, მაგრამ ესეც გასაგები არის. არის მიმართულებები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია. მართლმსაჯულების მიმართულება არის ერთ-ერთი და პოლიტიკური პატიმრების საკითხის [რეაბილიტაცია/რესოციალიზაცია] ბოლომდე მიყვანა. დანარჩენი ცოტა მოძველებული თემებია, ვთქვათ, მედიათავისუფლება. მგონი, საქართველოში ეს პრობლემა არ არსებობს,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ემიგრანტებზე საუბარი დაავიწყდა:
“სამწუხაროდ, პრეზიდენტმა არ ახსენა ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უცხოეთში მყოფი ქართველების ბედი. მილიონნახევარი ცხოვრობს საზღვარგარეთ და დაავიწყდა პრეზიდენტს”.
დღეს, 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება. სხდომა გიორგი მარგველაშილმა გახსნა და ახალარჩეულ დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
“ამ ადამიანების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საკმარისი დრო გავიდა, თუმცა დღემდე მათი უმრავლესობა უმუშევარია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმყოფება მძიმე მატერიალურ პირობებში და კვლავაც რჩება ნასამართლევი. ეს საკითხი მე შარშან, ყოველწლიურ მოხსენებაშიც წამოვწიე. შედეგად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი უფლებების აღსადგენად სასამრთლო ინსტანციებში,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.