წინასაარჩევნო პერიოდში კომისიის შესაძლო შექმნის თაობაზე ცნობა დეპუტატმა გია თორთლაძემ დააანონსა, რომლის ინიციატივითაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა “თავისუფლების ქარტია”, კანონი, რომლის მიზანია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
კანონი ძალაში 2011 წლის ივნისში შევიდა, თუმცა, ჯერ–ჯერობით არ შექმნილა სპეციალური კომისია, რომელსაც ევალება, დადგენილი წესით შეაგროვოს მონაცემები და აწარმოოს იმ პირთა რეესტრი, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან.
იურისტი, ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტი ლევან ადეიშვილი აღნიშნავს, რომ კომისიის შექმნა და ამ კომისიის მუშაობა მთავრობისა და შსს–ს შიდა წესებით უნდა დარეგულირდეს. მისივე თქმით, კომისია აქამდე იმიტომ არ ამოქმედდა, რომ თვითონ კანონში არის დათქმა, რომ პირველ ეტაპზე სხვადასხვა სახის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო:
“როგორც კი კანონი შევიდა ძალაში, ცხადია, სავალდებულო გახდა კომისიის შექმნა. ვადები შეიძლება არ არის მითითებული, მაგრამ კანონს როდესაც პარლამენტი იღებს, სავალდებულოა მისი შესრულება, თუ რაიმე დათქმა არ არის კანონში. კანონში იყო ასეთი დათქმა, რომ გარკვეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები იყო საჭირო, რის გამოც შეჩერდა ზოგიერთი მუხლი და აქედან გამომდინარე, შეფერხდა, როგორც ჩანს, კომისიის შექმნაც”.
კანონის მიხედვით, ლუსტრაციის კომისია შსს–ში იქმნება და მასში პარლამენტის ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელი იქნება.
საია–ს საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა პრობლემურ საკითხად მიიჩნევს კომისიის დაკომპლექტებისა და მისი მუშაობის საკითხებს, რომელიც კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგაც ჯერ კიდევ არ არის ნათლად გაწერილი. მისი თქმით, კომისია უკვე შექმნილი უნდა იყოს და ასრულებდეს თავის საქმიანობას, რაც კანონითაც არის განსაზღვრული:
“კანონში დათქმა არ ყოფილა, რა ვადიდან უნდა ამოქმედდეს კომისიის საქმიანობა, თუმცა კანონში არის ასეთი ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ კანონის ამოქმედებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში იმ პირებმა, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან, შეუძლიათ მიაწოდონ ეს ინფორმაცია კომისიას. ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიას პირველი ექვსი თვის განმავლობაში, როდესაც ამოქმედდა ეს კანონი, ჯერ კიდევ უნდა ეარსება და ასეთი ტიპის განცხადებები უნდა მიეღო, რაც არ მოხერხდა”.
“თავისუფლების ქარტიის” მე-11 მუხლის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირის შესახებ მონაცემები, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით მიმართავს მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ კომისია დაადგენს, რომ კანდიდატი არის პირი, რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში, აქვეყნებს კანდიდატის შესახებ არსებულ საიდუმლო მონაცემებს”.
ლევან ადეიშვილი განმარტავს, რომ ცესკო ავტომატურად აწოდებს ინფორმაციას ლუსტრაციის კომისიას იმ პირთა შესახებ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, შემდეგ ლუსტრაციის კომისიიდან იღებს პასუხს, ხოლო თუკი ეს პიროვნება წარმოადგენს ამ კანონით განსაზღვრულ სუბიექტს, პირველ ყოვლისა, პიროვნებას ეცნობება, რომ ის არის ამა და ამ კანონით განსაზღვრული სუბიექტი და მიეცემა გაფრთხილება: თუკი ის პიროვნება არ მოხსნის თავის კანდიდატურას, საარჩევნო კომისია უკვე საჯაროს გახდის ამ ინფორმაციას:
“ამ პიროვნებას შეეძლება გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული სააჩევნო უფლება, ანუ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რომ შეუძლიათ აირჩიონ და არჩეულ იქნან, ეს არ შეეზღუდებათ”, – განმარტავს ლევან ადეიშვილი.
რამდენად შეიძლება აღნიშნული კომისიის შექმნა მოესწროს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის? საია-ს იურისტი თათული თოდუა სკეპტიკურად უყურებს ამ შემთხვევას, რასაც შემდეგი არგუმენტით ამყარებს:
“ალბათ, სკეპტიკურად შევხედავდი იმ საკითხს, რომ ამ ვადაში კომისია შეიქმნას და მან განიხილოს ათასობით საარჩევნო კანდიდატის საქმე და მოახდინოს ლუსტრაცია. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი პოლიტიკური გაერთიანება, საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ ეჭვის თვალით შევხედავდი ამ მცირე ვადაში ამდენი კანდიდატის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მოკვლევას იმ კომისიის მიერ, რომელიც ჯერ შექმნილიც არ არის”.