ახალი ამბებიხელოვნება

რუსეთის კინოფონდმა საქართველოს პირველი 4 ფილმის ასლი გადასცა

17 ნოემბერი, 2016 • 2476
რუსეთის კინოფონდმა საქართველოს პირველი 4 ფილმის ასლი გადასცა

დღეს, 17 ნოემბერს, რუსეთის “გოსფილმფონდმა” ქართულ მხარეს გადასცა მის არქივში დაცული 4 ქართული ფილმის ასლი და გაციფრულებული რუსული მულტფილმების ასლები საბავშვო ბაღებისთვის.

გადაცემული ფილმის ასლებს შორის არის რეჟისორ ლეო ესაკიას ორი ფილმი, “ჰოლტზე” და “ამერიკანკა”, რეჟისორ ნუცა ღოღობერიძის ფილმი “ბუბა” და რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ფილმი “უკანასკნელ საათს”.

შავ-თეთრი, უხმო ფილმი “ჰოლტზე” 1928 წელსაა გადაღებული, რომელიც კოლექტივიზაციას ეხება. “ჰოლტი” არის ტრაქტორი, რომელიც ცაცხვათის ახლად დაარსებულ კოლმეურნეობას ქალაქმა გადასცა. თუმცა სოფელში მცხოვრები ყოფილი კულაკი გიგაშვილი ტრაქტორს გლეხების ექსპლუატაციისთვის იყენებს. მუშათა და გლეხთა ინსპექციის ჩართვის შემდეგ ახალი კოლმეურნეობა შეიქმნება და სამეურნეო იარაღები საერთო საკუთრება გახდება.

ესაკიას მეორე, 1930 წელს გადაღებული, ასევე უხმო ფილმის სახელწოდება “ამერიკანკა” ამავე სახელწოდების საბეჭდ მანქანას უკავშირდება, რომლის საშუალებითაც 1905 წლის მოსკოვში, ხილის დუქნის სარდაფში მოწყობილი არალეგალურ სტამბაში რევოლუციური ლიტერატურა იბეჭდება. ფილმში მოქმედება 1905 წლის რუსეთის რევოლუციას ეხება.

პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის უხმო ფილმი “ბუბა” 1930 წელსაა გადაღებული. ის დოკუმენტური ფილმია, რომელიც რაჭაშია გადაღებული და ამ მხარის ცხოვრებასა და ბუნებას აღწერს. ფილმის სახელწოდება უკავშირდება კაკასიონის ქედზე მდებარე მყინვარებს შორის ყველაზე მაღალს – მყინვარ ბუბას. ეს ფილმი ნუცა ღოღბერიძის მეორე ფილმია, რომელიც რეჟისორმა გადასახლებამდე გადაიღო.

მიხელ ჭიაურელის ფილმი “უკანასკნელ საათს” 1929 წელს არის გადაღებული და 1918 წელს რუსეთში დაწყებულ სამოქალაქო ომს ეხება. მუშები თეთრგვარდიელების მიერ აფეთქებული, მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხაზის აღდგენას ცდილობენ იმისათვის, რათა აჯანყებულ მუშებს  დამხმარე ძალა შეემატოს.

ფილმების ასლების გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე “გოსფლიმფონდის” გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა კინოფირი საქართველოს კულტურის მინისტრს, მიხეილ  გიორგაძეს სიმბოლურად გადასცა და ისაუბრა იმის შესახებ, რომ კინოფირზე ფილმის შენახვა, მართალია, უფრო ძვირია, მაგრამ უკეთესად ინახება.

დარბაზში შეკრებილ მსახიობებს, მთავრობის წევრებსა და სხვა პირებს ბოროდაჩევმა საქართველოში “კარგად ორგანიზებული” საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ “ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა.”

“20 წლის მანძილზე “გოსფილმფონდში” ბევრი ხალხი მოდიოდა, რომლებსაც სურდათ, ფილმები საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე მიდგებოდა, ყველა განზე დგებოდა. 2 წლის წინ დავინახეთ სახელმწიფოს რეალური ნება, გავითვალისწინეთ მათი ფინანასური რესურსი და დათმობებზე წავედით. ბოლოს და ბოლოს, საქმეც დაიძრა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეილება მიიღეს, ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როცა ისინი აქცენტს აკეთებენ გაციფრულებაზე, რომ ეროვნული განძის შესანახად ციფრული გზა გამოუსადეგარია. ფირზე შენახვა არის ეფექტური. ყველაზე ადრეული ფილმი, რომელიც 120 წლის წინაა გადაღებული, კარგადაა შენახული, როდესაც ეს საკითხი განვიხილეთ მიხეილ გიორგაძესთან, ამაზე შევთანხმდით, იმის მიუხედავად, რომ ციფრულად შენახვა უფრო იაფია”, – განაცხადა ნიკოლაი ბოროდაჩევიმა.

მიხეილ გიორგაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო მოუწოდებს კერძო სექტორს, მანაც მიიღოს მონაწილეობა ფილმების ჩამოტანაში, რადგან ფილმების საქართველოში დაბრუნება ფინანსებთანაა დაკავშირებული.  მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ფილმების ავტორები, ალბათ, არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ ტიტრებში იმ კომპანიების ან ადამიანების სახელი მოიხსენიონ, რომლებიც ფინანასურად უზრუნველყოფენ ფილმების საქართველოში დაბრუნებას.

დღეს გამართულ ცენრემონიაზე “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მზადაა დააფინანსოს ერთ-ერთი ქართული ფილმის, “შერეკილების” ასლის საქართველოში ჩამოტანა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფილმების ჩამოსატანად ბიუჯეტიდანაც არის ფული გათვალისწინებული, თუმცა უარს არ იტყვიან თუ კერძო სექტორიც მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. სამინისტროს ინფორმაციით, თითო ფილმის საქართველოში ჩამოტანას დაახლოებით 7 000-10 000 აშშ დოლარამდე სჭირდება, ხოლო რუსეთის არქივში დაცული ყველა ანიმაციური ფილმის ჩამოტანას- დაახლოებით 300 000 აშშ დოლარი.

სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, თუ რომელ ფილმებს ჩამოიტანენ შემდეგ ჯერზე და როდის, თუმცა ამბობენ, რომ ეს პროცესი დაწყებულია და ფილმების სრულად ჩამოტანას დაახლოებით 7 წელი სჭირდება. სამინისტროს ცნობით, კომისიამ ასევე შეადგინა 100 ფილმის ჩამონათვალი, რომლებიც უპირველესად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. ფილმების საერთო რადენობა 700-ს აღწევს.

2014 წლის 30 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის, „გოსფილმოფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდმა, „გოსფილმოფონდმა“, საქართველოს უნდა გადასცეს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმები.

რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი კარასინ-აბაშიძის შეხვედრების ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაიწყო. სამინისტრო ფილმსაცავის მშენებლობას გეგმავს, რადგან ფირების შესანახად და მათ შესანარჩუნებლად სპეციალური პირობების შექნაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი