ახალი ამბები

ივანიშვილი: ხმამაღლა ბედავენ თქმას, თითქოს ქართული სახელმწიფოს მტერი ვარ

27 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილი: ხმამაღლა ბედავენ თქმას, თითქოს ქართული სახელმწიფოს მტერი ვარ

“ხმამაღლა ბედავენ იმის თქმას, თითქოს მე ქართული სახელმწიფოს მტერი ვარ და რუსეთის სამსახურში ვდგავარ. ეს, რა თქმა უნდა, უტიფარი ტყუილია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება – ხალხს ჩემი ნდობა დააკარგვინოს და ქვეყნის მტრად გამომაცხდოს. ჩემს წარსულში ერთ შავ ხაზს ვერ მიაგნებს ვერავინ. მე სინდისით მიცხოვრია ჩემი მთელი განვლილი ცხოვრება… ისინი ეძებენ არქივში, იქნებ რამეს მიაგნონ, მაგრამ ვერაფერს იპოვიან. მე პირნათელი წარსული მაქვს. აქამდე მეცინებოდა მათ ტყუილებზე, მაგრამ ახლა უკვე ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებსაც მოღალატეობას აბრალებენ და ამით საშინელ შეურაცხყოფას აყენებენ… ნათლად ვხედავ სააკაშვილის ბოროტ განზრახვას – თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის, ადამიანები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს. აი, ეს განზრახვაა მიუტევებელი დანაშაული ქვეყნის წინაშე, რომელიც, არა მგონია, გონიერმა და ღირსების მქონე ხალხმა დაუშვას”, – განაცხადა ივანიშვილმა ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

გამოსვლაში მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხმების გამყალბებლები უმკაცრესად დაისჯებიან.

“ვინც ხმების გაყალბებაში მონაწილეობას მიიღებს, ისინი ძალიან მკაცრად დაისჯებიან, რომ როგორმე ბოლო მოვუღოთ ამ საზიზღრობას, რომლითაც იტანჯება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოება. თუ კანონი არ იკანონებს, ვერაფერს ვერ მივაღწევთ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მან ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.  

“ჩვენ გავიყვანთ გზას, რომელიც ასე სჭირდება რაჭის მოსახლეობას. ეს გზა რიკოთის უღელტეხილის გარეშე, საჩხერის გავლით დააკავშირებს რაჭას დედაქალაქთან. ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. ეს გზა აუცილებლად გაკეთდება”, – მიმართა მოსახლეობას ივანიშვილმა.

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით დარახველიძე წარადგინა.

“ამ კაცს რაც აერთიანებს ჩემთან, რაც აერთიანებს თქვენთან, პირველ რიგში, არის მისი სწორი წარსული. ეს ერთადერთი კაცი იყო “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა და მხოლოდ ეს დატოვეს გუბერნატორად, მაგრამ მან არ ისურვა მუშაობა და თავისი ნებით გადადგა. ძალიან წესიერი კაცია. კონტროლის პალატაში ყველა იხსენებს რეზო შავიშვილის დროს. რომ კონტროლის პალატა ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს იყო უპრეცედენტოდ უწესიერესი ორგანო იმიტომ, რომ რეზო შავიშვილი და მისი მარჯვენა ხელი დავით დარახველიძე მართავდნენ ამ ორგანოს. ამ პერიოდში კონტროლის პალატა მხოლოდ წესიერებით გამოირჩეოდა”, – განაცხადა ივანიშვილმა ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით დარახველიძის წარდგენისას.


შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი გუშინ და დღეს რაჭა-ლეჩხუმს სტუმრობდა, ხვალ კი მხარდამჭერებს იმერეთში – ტყიბულსა და თერჯოლაში შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი