ახალი ამბები

ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატობაზე უარს ამბობს

17 ნოემბერი, 2016 • 2599
ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატობაზე უარს ამბობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეულმა ლევან ვარშალომიძემ უარი თქვა დეპუტატობის მანდატზე. მას ენმ–ის პარტიული სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს.

როგორც ლევან ვარშალომიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მისი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკიდან მიდის: “ვრჩები ბათუმში და ვაპირებ ვიმუშაო განახლებაზე. მე ვიქნები აქ და მოვუსმენ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს.”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლეს საბჭოში შედიან ელგუჯა ბაგრატიონი, გია აბულაძე, ასმათ დიასამიძე, პეტრე ზამბახიძე და გია დიასამიძე. ენმ–ის ფრაქციას საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონი უხელმძღვანელებს.

დღეს, 17 ნოემბერს, აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამეს.

უსკო–ს ინფორმაციით, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. უსკო–ს ცნობით, 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა, ესენია: „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა – 1 მანდატი; ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 5 მანდატი; „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 მანდატი; „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 8 მანდატი.

რაც შეეხება მეორე ტურს, უსკო–ს განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 37%-მა, ანუ 114 202-მა ამომრჩეველმა. მეორე ტური ჩატარდა აჭარაში არსებულ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, ექვსივე შემთხვევაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით საბჭოს 21 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. ცინცქილაძე გიორგი – „დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი საქართველო;“
2. ვარშალომიძე ლევან – მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ; (ჩაანაცვლა ასმათ დიასამიძემ)
3. ზამბახიძე პეტრე – მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
4. აბულაძე გია – მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
5. დიასამიძე გიორგი – მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
6. ბაგრატიონი ელგუჯა – მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
7. თარხან-მოურავი დავით – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი; (ჩაანაცვლა ზაზა ოქრუაშვილმა)
8. გაბაიძე დავითი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
9. ჭეიშვილი ირაკლი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
10. ანანიძე ცოტნე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
11. თედორაძე დავითი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
12. მგალობლიშვილი ვლადიმერი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
13. ბაციკაძე დავით – „საქართველოს კონსერვატიული პარტია;“
14. ჩხეტია ნინო – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
15. მანველიძე გიორგი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“

მაჟორიტარული სისტემით:

16. წულაძე ვახტანგ -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი);
17. ვერძაძე ილია -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი);
18. სურმანიძე ნუგზარ -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი);
19. რომანაძე გიორგი -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი);
20. კარანაძე მერაბ -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი);
21. შარაშიძე ხვიჩა -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი);

 

დეპუტატობის მანდატზე უარი განაცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარული სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმაც. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 7 ნომებერს “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სანდრა რულოვსმა “ცესკოს” განცხადებით მიმართა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

10 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 50 მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება იქნებოდა საჭირო, სადაც, უმეტეს შემთხვევებში, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები მიიღებდენ მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აზრი არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების მეორე ტურებში მონაწილეობას, ხოლო მას შემდეგ სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზეც უარი თქვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი თქვა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით თარხან–მოურავმაც. მისი თქმით, საბჭოში შესვლას აზრი ჰქონდა რვა კაცით, თუმცა მათ მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვეს. თარხან–მოურავი “პატრიოტების” სიის მეორე ნომერმა, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა ჩაანაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი