ახალი ამბებისამართალი

“პანორამა თბილისი” – სასამართლო პროცესი ჭიანურდება, სამუშაოები კი გრძელდება

17 ნოემბერი, 2016 • 3634
“პანორამა თბილისი” – სასამართლო პროცესი ჭიანურდება, სამუშაოები კი გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს “პანორამა თბილისის” საქმეზე მთავარი სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა მესამე პირად ჩართულმა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ” სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა და პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სასამართლოს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი უნდა განეხილა, რომლითაც მოთხოვნილია “პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილობა. კერძოდ, საია ითხოვს იმ ბრძანებების უკანონოდ ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის, “სოლოლაკის ბაღების” და “სოლოლაკის მაღლობის” მშენებლობა.

საიას განცხადებით, სააგენტოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების კერძო საჩივრის წესით გასაჩივრება აჭიანურებს პროცესს და მნიშვნელოვნად ამცირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემჭიდროებულ ვადებში მიღების შესაძლებლობას.

“სავარაუდოდ, ორი თვის განმავლობაში განიხილავს სააპელაციო სასამართლო აპელაციას, მერე, სანამ დაბრუნდება ეს საქმე პირველ ინსტანციაში, საკმაოდ დიდი დრო გავა. საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების შემდეგ სადღაც ერთი თვე იქნება საჭირო იმისთვის, რომ პროცესი ჩაინიშნოს. მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ჩვენ ამ საქმეში არ გვექნება წინსვლა. უკვე ვიყავით მთავარ სასამართლო სხდომის ეტაპამდე მისული და უნდა წარგვედგინა მოსარჩელე მხარის ახნა–განმარტებები. მზად გვქონდა ჩვენი პოზიციები, რომელსაც დღეს სასამართლოს გავაცნობდით, თუმცა ახლა განუსაზღვრელი ვადით გვიწევს დალოდება. მოცემულობა არის ის, რომ არ ვიცით, როდის იქნება შემდგომი სასამართლო სხდომა,” – ამბობს სულხან სალაძე.

იურისტის თქმით, “პანორამა თბილისის” სამშენებლო ნებართვები არ არის შეჩერებული. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, შესრულდება თუ არა ტერიტორიაზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სანამ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.

“ის, რომ მესამე ჩართული პირის მხრიდან კერძო საჩივარია წარდგენილი სააპელაციო საასმართლოში, არ აბრკოლებს სამშენებლო კომპანიას. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, ამ საქმეზე შემჭიდროებულ ვადებში გამართულიყო სასამართო სხდომა. რეალურად, აქეთ მიდიოდა სასამართლო, თუმცა საბოლოოდ ასეთი მოცემულობა მივიღეთ,” – ამბობს სალაძე.

საიას იურისტის ინფორმაციით, როგორც მათ მიერ გასაჩივრებული საქმე, ასევე, განუსაზღვრელი ვადით არის გადადებული საინიციატივო ჯგუფის მიერ “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მეორე საქმეც.

ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სამი თვის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოები მნიშვნელოვნად წაიწევს წინ. თუმცა მას არ ჰგონია, რომ ამ პერიოდში მშენებლობის ადგილას ისეთი რამე მოხდეს, რაც არსებითად შეცვლის მდგომარეობას. ბაქრაძე დიდი ხანია მშენებლობის წინააღმდეგია და ხშირად საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არის “პანორამა თბილისი” ქალაქისთვის საზიანო პროექტი. მას ბიძინა ივანიშვილის სახელზე ღია წერილიც აქვს გამოქვეყნებული, რომელსაც ყოფილი პრემიერი არ გამოხმაურებია, ხოლო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება:

“რა თქმა უნდა, რაც უფრო წინ წავა მშენებლობა, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება სასამართლო; ახალი გარემოებებით, სასამართლოს მდგომარეობა უფრო გართულდება, თუ მშენებლობას არასამართლებრივად ჩათვლის. ყველა გადადება სასამართლოში, ყველა გაჭიანურება ასხამს დამკვეთის წისქვილზე წყალს; მას მეტი საფუძველი ეძლევა, რომ თქვას- “ამდენი ფული დავხარჯე და ახლა ამის გაჩერება ამდენ ზარასლ მომცემს”. ეს არის ერთგვარი წნეხი სასამართლოსთვისაც, მაგრამ ამ მშენებლობას ისეთი დამკვეთი ჰყავს ივანიშვილის სახით, რომ ეს წვრილმანებია მისთვის. სასამართლოს ისედაც აქვს წნეხი, რადგან ასეთი პირვნებაა მხარე, რომელიც ფაქტობრივად მართავს ქვეყანას, მათ შორის, სასამართლოსაც. არა მგონია, რომ ის, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, გადამწყვეტი იყოს მისთვის,” – ამბობს ბაქრაძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გასაჩივრებული საქმის დავაში მოპასუხე მხარეებს სსიპ “სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო” და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენენ.

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს” ადვოკატი, თეა ონიანი აცხადებს, რომ სააგენტოს მონაწილეობა არ მიუღია მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცესში, რის გამოც სასამართლო პროცესში ადმინისტრაციული კოდექსის მე–16 მუხლის მე–2 ნაწილით მისი მხარე არ უნდა იყოს ჩართული:

“მესამე პირად ჩართვა გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აისახება ჩვენზე, როგორც ადმინისტრაციული სამსართალწამოებაზე ჩაბმულ პირზე. ანუ იმისათვის, რომ ჩვენ ამ ნაწილშიც ჩავერთეთ სასამართლოს ადმინისტრაციულ წარმოებაში, საჭირო იყო, ვყოფილიყავით ამ [მშენებლობის] ნებართვის გაცემის მონაწილე მხარე. ნებართვის გაცემის პროცესში სააგენტოს მონაწილეობა არ მიუღია, მას არ გამოუცია რაიმე ადმინისტრაციული აქტი, ან არ შეუთანხმებია საპროექტო დოკუმენტაცია მშენებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ უნდა ვყოფილიყავით ამ ნაწილით ჩართულები მესამე პირად.”

თეა ონიანი არ არის დარწმუნებული, რომ სააპელაციო სასამართლო სააგენტოს კერძო საჩივარს დააკმაყოფილებს ამ შემთხვევაში, მაგრამ თვლის, რომ თუ მესამე პირად დატოვებენ ამ საქმეში, ეს უნდა იყოს პირველი ნაწილი და უნდა მიეცეთ პოზიციის დაფიქსირების საშუალება მშენებლობის შესახებ.

ადვოკატი “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს” პოზიციის შესახებ არ საუბრობს და ამბობს, რომ სააგენტო თავის პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს.

“ეს უკვე სასამართლო დავის განხილვის ნაწილია. აქ საუბარია იმაზე, თბილისის დამცავ ზონებში მიმდინარეობს თუ არა ეს მშენებლობა და შეთანხმდა თუ არა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირმა გასცა ნებართვა და მიიჩნევს, რომ ეს არის კანონიერი. აი, დამცავ ზონებთან მიმართებაში როგორ დგას საკითხი, ამაზე ჩვენ მოვამზადებთ პოზიციას და ეს გაჟღერდება სასამართლოზე,” – ამბობს ონიანი.

სულხან სალაძის განცხადებით, მათ მიერ სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის, კულტურის სამინისტროდან, გამოთხოვილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ამ ადგილებში – “სოლოლაკის მაღლობზე” და “სოლოლაკის ბაღებში” მშენებლობა არ შეიძლება და, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა არ უნდა გაეცა.

პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებს 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი თბილისის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში “პანორამა ბილისის” წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი