ახალი ამბები

საია პანორამა თბილისის ფარგლებში მშენებლობისთვის გაცემული ორი ნებართვის ბათილად ცნობას ითხოვს

30 ივნისი, 2016 • 2184
საია პანორამა თბილისის ფარგლებში მშენებლობისთვის გაცემული ორი ნებართვის ბათილად ცნობას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადმინისტრაციული საჩივრით ითხოვს ეკონომიკის სამინისტროსგან პანორამა თბილისის ფარგლებში მშენებლობისთვის გაცემული ორი ნებართვის ბათილად ცნობას.

ეკონომიკის სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი საიას იურისტმა, სულხან სალაძემ შეიტანა.

მისი განცხადებით, საიას მიერ სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის, კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ამ ადგილებში  – სოლოლაკის მაღლობზე და სოლოლაკის ბაღებში მშენებლობა არ შეიძლება და, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა არ უნდა გაეცა.

“ადმინისტრაციული საჩივრით ჩვენ ვითხოვთ ბათილად იქნას ცნობილი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2015 წლის მაისსა და ივნისში გამოცემული ორი კონკრეტული ბრძანება, რომელიც ეხება პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში სამშენებლო ნებართვების გაცემას. ერთი – ეს არის სოლოლაკის მაღლობთან დაკავშირებული, მეორე – ეს არის სოლოლაკის ბაღთან დაკავშირებული. ეს ნებართვები გაცემულია თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში. ამ ზონაში სამშენებლო სამუშაოების წარმოება არის კანონით აკრძალული. ის დოკუმენტები, რომელიც ჩვენ მიერ იქნა მოპოვებული კულტურის სამინისტროს საშუალებით, რეალურად მიუთითებს იმაზე, რომ ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს არ უნდა გაეცა სამშენებლო ნებართვები ამ ორ ობიექტზე,” – ამბობს სალაძე.

ეკონომიკის სამინისტრომ 5 დღეში უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საჩივარს წარმოებაში. სალაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის სამინისტრო საჩივარს წარმოებაში არ მიიღებს და არ განიხილავს, შესაძლოა, სასამართლოს მიმართონ.

რა დოკუმენტები შეაგროვა საიამ?

სულხან სალაძის განცხადებით, დოკუმენტები, რომლებიც თვეების განმავლობაში შეაგროვეს, ადასტურებს, რომ “პანორამა თბილისის” პროექტში გათვალისწინებული მინიმუმ ორი მშენებლობა- “სოლოლაკის მაღლობისა” და “სოლოლაკის ბაღების” -თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ხორციელდება. სალაძე განმარტავს, რომ  კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად, ამ ზონაში მყარი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომლებიც კონსტრუქციულად პირდაპირ არის დაკავშირებული მიწის ზედაპირთან, აკრძალულია.

“საკრებულოს მიერ დადგენილი ზონებით, თითქოსდა შეიძლება ამ ტიპის სამუშაოების წარმოება, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა ზონა, რაზეც ჩვენ ვაპელირებთ ამ შემთხვევაში – ეს არის უფრო მაღალი ინსტანციის მიერ დადგენილი ზონა. დღემდე კულტურის სამინისტრო, თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგად ზონებზე როცა ვსაუბრობთ, ისტორიული ლანდშაფტის ზონის სახით იყენებს ამ ზონას, რომელიც დადგენილია 1985 წელს. უფრო მეტიც, არსებობს სარეკომენდაციო მოსაზრება და ეს რუკაზეც არის ასახული, თუ სადამდე უნდა გაფართოვდეს ეს ზონა. ამ დროს, ადმინისტაციული ორგანო გამოსცემს ბრძანებას, როდესაც კონკრეტულ კომპანიას ეძლევა უფლება, რომ ამ ზონაში აწარმოოს ეს სამუშაოები. ბუნებრივია, დღის წესრიგში უნდა დამდგარიყო საკითხი, ხომ არ ფარავს და ხომ არ ხვდება ეს სამშენებლო ნებართვები ისტორიული დაცვის ზონის საზღვრებში. ეს თემა მუდმივად მუსირებდა, რომ ეს ასე იყო და ფარავდა, თუმცა ეს დოკუმენტალურად არ გვქონდა. ის 1985 წლის აქტი სრულად არ ასახავს ამ ჩამონათვალს, ამიტომ ის რუკა, რომელიც დააზუსტა კულტურის სამინისტრომ, თუ სად გადის ეს საზღვარი, ამან აჩვენა უკვე, რომ მშენებლობა ექცევა ისტორიული დაცვის ზონაში,”- განმარტა ზულხან სალაძემ.

 პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებს 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს.

მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ პანორამა თბილისის პროექტი თბილისის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში პანორამას წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი