ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილის პარტია არჩევნებს გამოეთიშა

27 აგვისტო, 2012 • 1223
სალომე ზურაბიშვილის პარტია არჩევნებს გამოეთიშა

„როდესაც სათავეში გვყავს არაეროვნული ხელისუფლება და ბრძოლა მიდის საქართველოს გადარჩენისთვის,  პარტია “საქართველოს გზა“ გრძნობს რა, ქვეყნისა და ხალხის წინაშე  პასუხისმგებლობას, უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით მზად არის, დახმარება გაუწიოს კოალიცია “ქართულ ოცნებას“.  ვურჩევთ  სხვა ჭეშმარიტად ოპოზიციურ პარტიებს, გადადგან ანალოგიური ნაბიჯი. პარტია “საქართველო გზა“ არის ის პარტია, რომელიც იდგა და იდგება ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული ფასეულობების დამცველად ,“ – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს გზა“ თავის განცხადებაში პარტიის მომხრეებს მოუწოდებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარი დაუჭირონ კოალიცია „ქართულ ოცნებას“: „ვინაიდან დღეს, როგორც არასდროს, ცვლილების დროა და ეს ცვლილება დამოკიდებულია ამ არჩევნებში ჭეშმარიტი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე“.

„საქართველოს გზამ“ 2006 წელს  თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 2,77 პროცენტი მოიპოვა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „საქართველოს გზა“ ბლოკ „გაერთანებულ ოპოზიციაში“ გაწევრიანდა და მხარი ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას დაუჭირა.

სალომე ზურაბიშვილი ბლოკმა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. ამ არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა.

პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მთავრობას 2005 წლის 20 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ  გაემიჯნა. სატელევიზიო გამოსვლისას, 19 ოქტომბერს, მან ისაუბრა საზოგადოებაში არსებულ შიშზე და ხელისუფლებაში გაბატონებულ დაუსჯელობის სინდრომზე.

20 ოქტომბერს იპოდრომზე მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 2005 წლის 16 ნოემბერს შეიქმნა „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა“. მოძრაობაში გაწევრიანდა 15 000 მოქალაქე. 2006 წლის 16 მარტს გაიმართა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ დამფუძნებელი კრება. პარტიას ჰყავს 3 500 წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი