ახალი ამბები

იზორია: საჰაერო თავდაცვის მაღალჩინოსნები გამონაკლისის დაშვების აუცილებლობის გამო დანიშნეს

17 ნოემბერი, 2016 • 1264
იზორია: საჰაერო თავდაცვის მაღალჩინოსნები გამონაკლისის დაშვების აუცილებლობის გამო დანიშნეს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის მაღალჩინოსნები პოსტებზე გამონაკლისის დაშვების აუცილებლობის გამო დანიშნეს, რაც მათი პროფესიონალიზმითა და კადრების ნაკლებობითაა განპირობებული.

“ეს არის იმ რეალობით განპირობებული, რომ შესაბამის თანამდებობებზე რიგ შემთხვევებში შესაბამისი წოდების, კვალიფიკაციის მქონე… კვალიფიკაცის ისე ჟღერს ტერმინი, თითქოსდა ის პროფესიონალი არ არის – აქ საუბარია გარკვეულ მოთხოვნებზე, რომლებიც ამ ბრძანებაში ჩაიდო, მაგალითად, ენის ცოდნასთან დაკავშირებით”, – ამბობს მინისტრი.

იზორია განმარტავს, რომ მათი დანიშვნა გამონაკლისის წესით სწორედ მათმა კონკრეტულმა ხედვებმა განაპირობა, რომელიც “აბსოლუტურ თავსებადობაშია იმ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტთან, რომელიც კონკრეტულად ავიაციას უკავშირდება.”

“მან პირადად მთხოვა, გამომდინარე რეფორმების განხორციელების ინტერესებიდან და გამომდინარე მოკვლევის ინტერესებიდან, დროებით გადადგეს თანამდებობიდან. ხაზგასმით ვამბობ – დროებით, სანამ მოკვლევა საბოლოო პასუხს არ იტყვის”, – ამბობს მინისტრი.

იზორიას თქმით, მოკვლევის შედეგების შესაბამისად, ადეკვატურად იმოქმედებს.

“კიდევ ერთხელ ვამბობ, ისინი არიან პიროვნებები კონკრეტული ხედვებით, რომელთაც აქვთ დიდი ღვაწლი თავდაცვის სისტემაში, ამიტომ არა მხოლოდ ამ ბიჭებს, არამედ თითოეულ ჯარისკაცს, როდესაც ჩვენ მათ წარსულს ან აწმყოს ვაფასებთ, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ მათ შეფასებაში.

ჩვენ მოვედით ერთადერთი მოტივაციით თავდაცვის სამინისტროში, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გაიზარდოს და ჩვენ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ იმ ჯარისკაცებს, ვინც ამ უსაფრთხოების შექმნაში მაქსიმალურს აკეთებენ.”- ამბობს მინისტრი.

საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლი სერგო ნინუა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსი გიორგი ცაბაძე თანამდებობიდან დროებით 16 ნოემბერს გადადგნენ. მათი გადაგომა მოჰყვა თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში დაწყებულ მოკლევას, რომელიც სწავლობს აღნიშნული პირების სავარაუდო მონაწილეობას 2012 წელს ენმ-ის ეგიდით პოლიტიკურ რეპრესიებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი