ახალი ამბები

საჰაერო თავდაცვაში თანამდებობის პირების დანიშვნას გენინსპექცია იკვლევს

16 ნოემბერი, 2016 • 2228
საჰაერო თავდაცვაში თანამდებობის პირების დანიშვნას გენინსპექცია იკვლევს

სერგო ნინუას, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, ასევე, საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსის პოსტზე დანიშნულ გიორგი ცაბაძეს ბრალს სდებენ იმაში, რომ 2012 წელს ენმ-ის ეგიდით პოლიტიკურ რეპრესიებში მონაწილეობნენ. ამასთან, არ გააჩნიათ აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად საკმარისი კვალიფიკაცია. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველ საკითხთან დაკავშირებით უწყების გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

ნინუასა და ცაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ გაავრცელა, სადაც საუბრობს ნინუასა და ცაბაძის მიერ 2012 წლამდე “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ პოლიტიკურ საქმიანობაზე. ნემსაძის ვიდეომიმართვა  “პირველი არხის” სიუჟეტს მოჰყვა, რომელშიც ნაჩვენებია “ინფო9”- ის მიერ 2012 წელს გადაღებული კადრები “ქართული ოცნების’ არქივიდან, სადაც გიორგი ცაბაძე ფიგურირებს. ნინუაც და ცაბაძეც ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ:

“თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა, თუ რა მოტივაციით იმყოფებოდნენ აღნიშნული პირები სიუჟეტში დასახელებულ ადგილას  და უკავშირდებოდა თუ არა მათი კონკრეტულ შეხვედრაზე ყოფნა პოლიტიკურ თემებს, ასევე, ჰქონდათ თუ არა პოლიტიკური საფუძველი ამ პიროვნებებს”,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კიდევ ერთო საკითხი, რომლის შესახებაც თავდაცვის სამინისტროს განმარტების გაკეთება მოუწია, მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირების კვალიფიკაციას უკავშირდება. “ნეტგაზეთმა” უწყებას მიმართა შეკითხვით, კონკრეტულად რა დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნული პირები. თავდაცვის სამინისტრომ ამ შეკითხვას არ უპასუხა, თუმცა უწყების პასუხი ცხადყოფს, რომ სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე აუცილებელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ:

“გაცნობებთ, რომ  არსებობს სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც მინისტრს აქვს უფლება, საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პირი. აქვე მოგახსენებთ, რომ სერგო ნინუას და გიორგი ცაბაძის შერჩევა რამდენიმე კანდიდატს შორის მოხდა. თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა გაითვალისწინა აღნიშნული  პირების ხედვები, რომელიც თანხვედრაშია ნატოს და ნატოს წევრი ქვეყნების ხედვებთან და რეკომენდაციებთან, რომელიც სამხედრო საჰაერო ძალების განვითარებას და რეფორმირებას გულისხმობს. ეს ყველაფერი ასევე თანხვედრაშია თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ დაანონსებულ სტრატეგიასთან. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირების ხედვებთან ერთად გენერალურმა შტაბმა ასევე  გაითვალისწინა მათი გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია”, – აცხადებენ სამინისტროში. უწყებამ ასევე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, არიან თუ არა გენერალურ შტაბში ისეთი კადრები, რომელთა ხედვებიც ასევე თავსებადია სხვადასხვა მიმართულებით შეიარაღებული ძალების სტრატეგიასთან  და, ამავე დროს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსაც აკმაყოფილებენ.

სერგო ნინუას დამთავრებული აქვს საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამხედრო-საავიაცო ფაკულტეტი/საფრენი აპარატების ექსპლუატაცია და საბრძოლო გამოყენება, ასევე, საქართველოს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კურსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი მფრინავი ინჟინრის კვალიფიკაცით. ასევე, გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსები უკრაინაში.

უწყების ცნობით, 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მმართველ პოზიციებზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამხედრო საჰაერო ძალების ცალკეულ საავიაციო ესკადრილიაში, როგორც მფრინავის, ასევე, ესკადრილიის მმართველობით რგოლში. უშუალოდ ბოლო დანიშვნამდე კი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში სარდლის მოადგილე იყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგო ნინუას მიღებული აქვს 10 ჯილდო და მედალი მამაცობისთვის, უმწიკვლო სამსახურისთვის. ასევე, გენერალ კვინიტაძის და გენერალ მაზნიაშვილის მრდლები, მადლობა გენერალური შტაბის უფროსისგან.

რაც შეეხება გიორგი ცაბაძეს, მას დამთავრებული აქვს საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია რადიოლოკაციური სისტემებისა და კომპლექტების ექსპლუატაცია/ რემონტის მიმართულებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტიტის საავიაციო ინსტიტუტი.

2003 წლიდან საჰაერო თავდაცვის სარდლობის მმართველ პოზიციებზე მუშაობს. ბოლო დანიშვნამდე კი ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში სკოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ასევე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში- ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლის მეთაური.

უწყების ცნობით, გიორგი ცაბაძეს მიღებული აქვს  მე-3 ხარისხის უწყებრივი მედალი, საპატიო სიგელი, მედალი „გენერალი კვინიტაძე“, მედალი მეორე ხარისხის „უმწიკვლო სამსახურისთვის“, მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, მედალი მხედრული მამაცობისათვის (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება), მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, მედალი პირველი ხარისხის „უმწიკვლო სამსახურისთვის“

მასალების გადაბეჭდვის წესი