ახალი ამბები

ზაზა ხუციშვილი: მარიხუანის მოხმარებისთვის ჯარიმები არ უნდა არსებობდეს

16 ნოემბერი, 2016 • 1463
ზაზა ხუციშვილი: მარიხუანის მოხმარებისთვის ჯარიმები არ უნდა არსებობდეს

საქართველოს მეცხრე მოწვევის დეპუტატი, მუსიკოსი ზაზა  ხუციშვილი მიიჩნევს, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელი საერთოდ უნდა გაუქმდეს.

ზაზა ხუციშვილის თქმით, მარიხუანის მოხმარებისთვის არსებული ჯარიმები უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება დათესვას, ხუციშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ფიქრი, დააზიანებს თუ არა ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას:

“როცა ადამიანი მოიხმარს, მის მიმართ სასჯელი საერთოდ არ უნდა იყოს. მაგრამ დათესვაზე საფრთხე ისაა, რომ მომავალში ერთმანეთს შეიძლება ისე გავუმასპინძლეთ მარიხუანით, როგორც დღეს ვუმასპინძლდებით ღვინით. შეიძლება, სადღაც წვეულებაზე მიიტანონ დიდი რაოდენობით მარიხუანა და ისეთი ადამიანებს შეიძლება მოუვიდეთ ცდუნება და მოიხმარონ, რომლებიც მანამდე არ აპირებდნენ. სერიოზული ფიქრია საჭირო, რამდენად იქნება საფრთხის შემცველი საზოგადოებისთვის .”

ზაზა ხუციშვილი არ ამბობს, შეესაბამება თუ არა ჩადენილ დანაშაულს მარიხუანის დათესვისთვის სასჯელის ზომად პატიმრობის გამოყენება:

“ეს უცებ მისაღები გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ სერიოზულ საკითხის გადაწყვეტაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა გვინდა. უნდა ავწონ-დავწონოთ ვითარების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.”

დღეს, 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე  “ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ განცხადა, რომ  თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ხელისუფლება ახალ წლამდე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას არ შეცვლის, 2016 წლის 31 დეკემბერს გირჩის ოფისში საჯაროდ დათესავენ მარიხუანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი