ახალი ამბები

ახალ წლამდე 1 წუთით ადრე “გირჩი” მარიხუანის საჯაროდ დათესვას აპირებს

16 ნოემბერი, 2016 • 2153
ახალ წლამდე 1 წუთით ადრე “გირჩი” მარიხუანის საჯაროდ დათესვას აპირებს

“ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ხელისუფლება ახალ წლამდე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას არ შეცვლის, 2016 წლის 31 დეკემბერს გირჩის ოფისში საჯაროდ დათესავენ მარიხუანას.  ამის შესახებ მან დღეს, 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ მივმართავთ საქართველოს მომავალ  პარლამენტსა და მთავრობას და მოვითხოვთ მათგან, რომ ახალ წლამდე შეცვალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მარიხუანის და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ქვეყანაში გახდეს სრულად ლეგალიზებული. ასევე, მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით კულტივირება და შენახვა იყოს ლეგალიზებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე,  გირჩის წევრები გირჩის ოფისში, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მერვე მოწვევის  პარლამენტში  ყველა ბერკეტი გამოიყენეს კანონმდებლობის შესაცვლელად, თუმცა- უშედეგოდ:

” ჩვენ წავაწყდით უმრავლესობის ჯიუტ ნებას, რომ შეენარჩუნებინათ ეს დრაკონული და ჩემი აზრით, სრულიად იდიოტური და მავნებლური კანონმდებლობა. ამ კანონმდებლობამ საქართველოში ასობით ათას ადამიანს გაუმწარა ცხოვრება.”

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი  ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი