ახალი ამბები

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატია ახალციხეში

24 აგვისტო, 2012 •
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატია ახალციხეში

“ამ ბოლო დროს ახალციხე გახდა ჩვენი  ქვეყნის პატარა სიმბოლო აღმშენებლობაში. სიმბოლო ერთდროულად აღმშენელობისა და იმედის და კიდევ იმის, რამდენია გასაკეთებელი და რამდენი გაჭირვებაა დასაძლევი. ახალციხეა სიმბოლო იმის, რომ კუთხეში, რომელიც იყო დავიწყებული და უპატრონოდ მიგდებული, შეიძლება  გაჩნდეს სიცოცხლე. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

 

არის თუ არა საქართველო იმაზე უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო? ვფიქრობ, ამაზე ყველას ცალსახა პასუხი იქნება – დიახ.  მაგრამ არის თუ არა საქართღველო დღეს ისეთი, როგორიც გვინდა იყოს? – არა, ამიტომაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ერთად ყოფნით კი ჩვენ ამას შევძლებთ,” – განაცხადა ბაქრაძემ ახალციხეში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის დროს.

ბაქრაძემ ახალციხეში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
ბაქრაძემ ახალციხეში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

 

“ძალა ჩემი არსებობს იმაში, რომ ყველას გიცნობთ, ყველას სატკივარი ვიცი, ვიცი, ყველა ოჯახში რამდენი ადამიანი ცხოვრობს და რამდენია აქედან დასაქმებული. ვიცი, ვის რა უჭირს, ვის რა ულხინს. აი, ეს არის ჩემი ძალა. ამ ძალით  ვაპირებ, რომ ეს ოთხი წელიწადი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, გავატარო ისე, რომ  ყველა პრობლემა, რომელიც  დასმულია საქართველოს მთავრობის მიერ, გადაჭრილი იქნას.  

ჩვენ დავარწმუნებთ ყველა ადამიანს, რომ შეუძლებელს შევძლებთ. ყველა ოჯახში იქნება ადამიანი,  რომელიც იმუშავებს, ჯერ– ერთი, შემდეგ –ორი, სამი და ყველა დასაქმებული იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ყველა ადამიანის ოჯახში შევიდეს ის სიკეთე, რომელი სიკეთისათვის ჩვენი მთავრობა იბრძვის ამ ხნის მანძილზე, ჩვენ მოველით უდიდეს მხარდაჭერას თქვენგან“, – მიმართა ვაჟა ჩიტაშვილმა მისი წარდგენიდ დროს შეკრებილ მხარდამჭერებს.

 

ჩიტიშვილი 2008 წლიდან ხელმძღვანელობს სამცხე-ჯავახეთში საოლქო პროკურატურას, მანამდე ის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

 

ახალციხეში საკუთარი კანდიდატი უკვე წარდგენილი ჰყავს კოალიცია “ქართულ ოცნებას”: გურამ კუტალაძე წლების მანძილზე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მუშაობდა.

 

ახალციხეში ასევე ცნობილია “ახალი მემარჯვენეების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა. იგი ადგილობრივი მკვიდრი – მალხაზ გოგოლაძეა.

 

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს ნინოწმინდაში. მმართველი პარტიის რჩეული კვლავაც ენზელ მკოიანია, რომელიც არის უკვე მოქმედ პარლამენტში ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი