ახალი ამბები

მერაბიშვილის მშობლიურ რაიონში “ოცნების” ადგილი კარავში მოიძებნა

24 აგვისტო, 2012 •
მერაბიშვილის მშობლიურ რაიონში “ოცნების” ადგილი კარავში მოიძებნა

“არაერთმა ადამიანმა შემოგვთავაზა, გვექირავებინა მისი ფართი ოფისად, მაგრამ იმავე დღეს ხდებოდა ერთი და იგივე სცენარი: ძალოვნები უკავშირდებოდნენ, აშინებდნენ, პრობლემას უქმნიდნენ და ადამიანები უარს ამბობდნენ“, – აცხადებს კოალიცია “ქართული ოცნების“ ადიგენის მუნიციპალიტეტის შტაბის უფროსი დავით ბაციკაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში. 

შტაბი კი უკვე რამდენიმე დღეა ადიგენის შს სამმართველოს გვერდით გაშლილ კარავში ფუნქციონირებს. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძეა.

 

“მე არ ვიცნობ ბიძინა გუჯაბიძეს, არც ვიცი, ვინაა. თუმცა მის უკან “ქართული ოცნება” დგას და ამიტომაც ხმას მას მივცემ“, – ამბობს ადიგენის  სოფელ კახარეთის მკვიდრი ციალა ბუიღლიშვილი.

 

ადიგენში ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი მედიასთან ღიად საუბარს გაურბის:

 

“გინდ ვთქვა, გინდ არა, მერე რა? ჩემი ლაპარაკით მაინც არაფერი შეიცვლება. ამ ქვეყანას მე გავასწორებ? ჩემი იმედი მიწაა და თოხს კიდევ არავინ შემიცვლის”.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ არც ეთი პარტიის პროგრამას არ იცნობენ, მხოლოდ ზოგადი დაპირებები ესმით. 

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში ორი პოლიტიკური პარტიის ოფისი მუშაობს –  კოალიცია „ქართული ოცნების“  და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. ერთ-ერთ შენობაზე შემორჩენილია გიორგი თარგამაძის დიდი და გახუნებული ფოტო, თუმცა ოფისი  დაკეტილი დაგვხვდა. გვერდით შენობაში დასაქმებულმა მუშებმა გვითხრეს, რომ ჯერ აქ შესული არავინ დაუნახავთ.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში სულ 54 სოფელი, 18 საარჩეევნო უბანი და 15 757 ამომრჩეველია. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 87%-ით “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა. 2008 წელს კი მმართველმა პარტიამ 86%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ამავე არჩევნებში ხმების 87%-ით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა კანდიდატმა – თენგიზ სხირტლაძემ გაიმარჯვა, რომელიც მანამდე პოლიციაში მუშაობდა.

 

ამჯერად კი ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მმართველი პარტიის ეგიდით ზურაბ ჩილინგარაშვილი იბრძვის, რომელიც 2008 წლამდე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, შემდეგ კი  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე იყო.

 

ზურაბ ჩილინგარაშვილი დღემდე არის ადგილობრივი ტელევიზიის – “მე-9 არხის” (შპს “იმპერია”) არაოფიციალური მფლობელი. ოფიციალურად ტელევიზიის 40%-იან წილს ჩილინგარაშვილი 2011 წლამდე ფლობდა, ასევე, საკუთარ დეკლარაციაში მიუთითებდა, რომ ტელევიზიის პარტნიორი მისი მეუღლე – მეგი კაჭკაჭიშვილი იყო, თუმცა, რეესტრის მონაცემებით, ამ დროისთვის 60%ა-იანი წილი ნუგზარ კაჭკაჭიშვილზეა გადაფორმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი