ჯეჯელავა: ყველა სტუდენტს უნდა მიუწვდებოდეს ხელი თვითმმართველობის რესურსებზე

საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, იზიარებს მოსაზრებას, რომ თვითმმართველობის პრინციპები გაცილებით უფრო ინკლუზიური უნდა გახდეს.

ჯეჯელავას თქმით, თვითმმართველობის უფლებები აღარ უნდა იყოს ექსკლუზიური და ყველა სტუდენტსა და სტუდენტთა ჯგუფს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიუწვდებოდეს ხელი თვითმმართველობის რესურსებზე.

რაც შეეხება ნეტგაზეთის შეკითხვას, განხორციელდება თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები თვითმმართვლობასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ცვლილებებს ემხრობა:

“კანონში დღესაც საკმაოდ ფართოდ წერია, რომ კონკრეტული უნივერსიტეტი თვითონ ყალიბდება, თუ როგორი ფორმით უნდა, რომ თვითმმართველობა იყოს. მე ძალიან დეტალებში ჩაწერის მომხრე არ ვარ, მაგრამ, რადგან ეს ხალხი ფიქრობს, რომ კანონში ცვლილებები უშველის და გააუმჯობესებს ამას, მე ვფიქრობ, რომ უნდა აისახოს კანონში. თუმცა ესეც პარლამენტთან ერთად არის სამუშაო… უცხოეთში რომ ნახოთ, როგორი მოდელია, შეიძლება სპორტის კუთხით სულ სხვა ხალხი იყოს, ხელოვნების კუთხით- სულ სხვა ხალხი, საერთაშორისო გაცვლის კუთხით – სხვა ხალხი. წარმოიდგინეთ, რომ ერთი თვითმმართველობა კი არ არის, არამედ – 5, ოღონდ თავიანთი მიმართულებით. მეექვსესაც თუ უნდა, საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ შემოიტანოს და მიიღოს დაფინანსება და რესურსი,”- განაცხადა მან.

სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია 115”, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლის მარტში ჩამოყალიბდა, უკვე რამდენიმე თვეა, თვითმმართველობის რეფორმას ითხოვს. მათი მოთხოვნის თანახმად, უნდა გაუქმდეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლი (სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები) და თვითმმართველობა გადავიდეს 43-ე მუხლის ფარგლებში (სტუდენტის უფლებები). შესაბამისად, თვითმმართველობა ისარგებლებს იმ უფლებებით, რითი საგრებლობის უფლებაც აქვთ სტუდენტურ გაერთიანებებს და არ იქნებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ჯეჯელავას განცხადებით, ტექნიკურად ამ საკითხის მიღება ვეღარ მოესწრო იმის გამო, რომ “აუდიტორია 115”-მა უკვე შეთანხმებულ მოდელში ცვლილება შეიტანა.

2016 წლის 25 ნოემბერს თსუში თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი. ჯეჯელავას თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ყველას არ მოეწონება არჩევნების შედეგები. მინისტრმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის მომხრეა:

“მე ვფიქრობ, უნოვერსტეტი იმიტომ არის უნივერსიტეტი, რომ მას ჰქონდეს საშუალება, რომ თვითონ ჩამოყალიბდეს თავის საკითხებზე, მათ შორის, აკადემიურ მხარესა და მათ შორის, თვითმმართველობის მხარეზეც. ვხედავ თუ არა რისკებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ მოეწოება სტუდენტების ან არასტუდენტების ჯგუფს, ამას აუცილებლად ვხედავ და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი არჩევნები, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნები, საპრეზიდენტო და ხვა, გამოავლენს, რომ ვიღაცებს მოწსონთ რომელიღაც მიმართულება და სხვა ვიღაცებს – მეორე. შესაბამისად, საფრთხეს იმისას, რომ ამ არჩევნებით ყველა კმაყოფილი არ იქნება, ნამდვილად ვხედავთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ არჩევნების განმარტება სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ვიღაცა იგებს და რომელიღაც მხარე აგებს,”- განაცხადა მინისტრმა.

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი