ახალი ამბები

აუდიტორია 115-მა მინისტრს თვითმმართველობის რეორგანიზების ახალი მოდელი შესთავაზა

21 ივნისი, 2016 • 1333
აუდიტორია 115-მა მინისტრს თვითმმართველობის რეორგანიზების ახალი მოდელი შესთავაზა

დღეს, 21 ივნისს, განათლების სამინისტროში აუდიტორია 115-ის წევრები მინისტრს შეხვდნენ და თვითმმართველობის რეფორმირების თავიანთი ხედვა გააცნეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ აუდიტორია 115-ის წევრებმა განაცხადეს, მინისტრისთვის წარდგენილი ხედვა თვისებრივად არ განსხვავდება იმისგან, რაზეც აქამდე საუბრობდნენ, თუმცა ეს ახალი მოდელი არის პასუხი სამინისტროსგან ამ დრომდე მიღებულ შეთავაზებებზე. მათივე განცხადებით, ახალი მოდელი მათ იურისტებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავეს.

“დღეს წარვადგინეთ ალტერნატიული ხედვა, თუ როგორ გვესახება სტუდენტური თვითმმართველობის წინასწარ და მკაცრად განსაზღვრული იერარქიული სისტემის თანასწორ პრინციპებად ჩამოყვანა. ჩვენ ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ხედვებს არ ვაქცევთ პოლიტიკური ვაჭრობის საგნად. თუ მმართველი პოლიტიკური ძალის ნება არის ის, რომ შეიცვალოს არსებული პოლიტიკური სისტემა, თუ მმართველ პოლიტიკურ ძალას სტუდენტური თვითთმმართველობა წინასაარჩევნო აქტივობისთვის არ სჭირდება, მაშინ ეს ნება გამოიჩინოს,”- განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება კონკრეტულად შეთავაზებას, როგორც აუდიტორია 115-ის წევრმა ეკა მუზაშვილმა “ნეტგაზეთს” განუმარტა, მათი ხედვის თანახმად, უნდა გაუქმდეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლი (სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები) და თვითმმართველობა გადავიდეს 43-ე მუხლის ფარგლებში (სტუდენტის უფლებები). შესაბამისად, თვითმმართველობა ისარგებლებს იმ უფლებებით, რითი საგრებლობის უფლებაც აქვთ სტუდენტურ გაერთიანებებს და არ იქნებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მისივე განმარტებით, ამ მოდელის მოქმედება მნიშვნელოვანია გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, რათა ამ რეჟიმში გაგრძელდეს მოლაპარაკებები განათლების სიღრმისეულ რეფორმირებაზე.

“ეს არ ნიშნავს, რომ  თვითმმართველობა უქმდება ზოგადად. ეს ნიშნავს, რომ თვითმმართველობა გადადის ჩვეულებრივი გაერთიანების რეჟიმში, როგორც ამას აწესრიგებს 43-ე მუხლი,” – ამბობს ეკა მუზაშვილი.

შეხვედრის შემდეგ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ აუდიტორია 115-ისგან ამ ცვლილების შემოთავაზების გამო შესალოა 23 ივნისს, ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის გატანა ვეღარ მოესწროს.

“აუდიტორიის წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს ახალი ფორმულირება კონკრეტულად კანონთან მიმართებაში, რომელიც ჯერ არ განხილულა. დღეს პირველად გავიგეთ ამის შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კონსტუქციულია მათი განწყობა და სურვილი. მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, დრო სჭირდება იმას, რომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოვეხმაუროთ და დაგაწყვეტილება მივიღოთ. შემდეგი გეგმაა, რომ შეხვედრები გაგარძელდება, თვითმმართველობასთანაც უნდა განვიხილოთ ის ვარიანტი, რაც არის შემოთავაზებული, ასევე პარალელურად იგეგმება სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობებთან შეხვედრები და ასევე მთავრობის წევრებთან ვიხილავ ამ ვარიანტებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებას მოვნახავთ.

რეგულარული იქნება ჩვენი შეხვედრები და ვიმუშავებთ მანამ, სანამ საქართველლოს განათლების უკეთესი სისტემა არ ექნება.

დღეს სამშაბათია და პირველად გავიგეთ ამ შემოთავაზების შესახებ. ხუთშაბათამდე რომ მოვასწროთ ყველა მხარესთან კომუნიკაცია. ძალიან რთული იქნება. ტექნიკურად მე დღესვე დავიწყებ მუშაობას, თუმცა ძალიან რთული იქნება. წინა შეხვედრა პარასკევს გვქონდა,” – აცხადებს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი