ახალი ამბები

თვითმმართველობა სადავო ლეგიტიმაციით: რა ხდება თსუ-ში

13 ოქტომბერი, 2021 •
თვითმმართველობა სადავო ლეგიტიმაციით: რა ხდება თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება უკვე ორჯერ გაიხანგრძლივა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

მიმდინარე კვირაში ხსენებულმა სტუდენტებმა თავიანთ ფაკულტეტზე თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლად ჩაატარეს, მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობის მიერ 12 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვერ შედგა.

იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელობა და პროფესორები იზიარებენ კრიტიკოსი სტუდენტების მოსაზრებას და არალეგიტიმურად მიიჩნევენ ამჟამინდელი მოწვევის თვითმმართველობას, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.

რატომ დაიწყო დაპირისპირება: მოკლედ

თსუ-ში 2006 წელს ჩამოყალიბებული ორგანიზაციის, “სტუდენტური თვითმმართველობის” დელეგატებსა და ხელმძღვანელებს 2 წელიწადში ერთხელ ირჩევენ. პროცესში ჩართვა ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს შეუძლია.

თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში ბოლოს ჩატარდა 2018 წლის ნოემბერში. მაშინ მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობა აირჩიეს.

2 წლის შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში, აღნიშნულმა ინსტიტუციამ იხელმძღვანელა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით, რომელიც ამბობს, რომ “მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში”, თვითმმართველობის პრეზიდენტი ახდენს თვითმმართველობის არჩევნების გადავადებას არაუმეტეს ექვსი თვისა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თსუ-ს I კორპუსი

ამ დათქმის საფუძველზე, პანდემიის კრიზისის ფონზე, თვითმმართველობამ არჩევნები 6 თვით გადაწია. ამის შემდეგ, 2021 წლის მაისში, ამავე საბაბით, ინსტიტუციამ კიდევ ერთხელ გაიხანგრძლივა უფლებამოსილება, ისევ 6 თვის ვადით. სწორედ აქედან იწყება პრობლემა.

რამდენად კანონიერად მოიქცა თვითმმართველობა

უფლებამოსილების მეორედ გახანგრძლივებიდან მცირე ხნის შემდეგ, საკითხით დაინტერესდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საბჭო, რომელშიც შედიან როგორც აკადემიური გუნდის წევრები, ისე თვითმმართველობის წევრი სტუდენტები.

ამჟამინდელი მოწვევის თვითმმართველობა თავის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს, ახსენებს პანდემიის კრიზისს და მიიჩნევს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილების ორჯერ გახანგრძლივებაც შესაძლებელია.

“ტერმინი მიზანშეწონილობის საფუძველზე არჩევნების გადადება შესაძლებელია გონივრული რაოდენობით. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისად, არჩევნები აღნიშნული ნორმის საფუძველზე შეიძლება გადაიდოს ორჯერაც, თუ ამის საჭიროება არსებობს”, — დასძენს ის.

თუმცა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია და სხვა პროფესორები, ასევე, სტუდენტების ნაწილი მიიჩნევენ, რომ დებულების ამ ფორმით წაკითხვა არასწორია.

“ეს არის ჩამკეტი ვადა. როცა გეუბნება [დებულება], რომ “არაუმეტეს 6 თვისა”, ეს ნიშნავს, რომ 6 თვეზე მეტხანს არ შეიძლება [უფლებამოსილების გაგრძელება]. ეს შეიძლება იყოს 1 თვე, 2 ან 3, მაგრამ 6 თვის მერე დასრულებულია პროცესი და ამ შემთხვევაში დასრულდა ლეგიტიმაციაც”, — ეუბნება დეკანი “ნეტგაზეთს”.

ამგვარად, ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ მაისის შემდეგ აღარ ცნო მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობის უფლებამოსილება.

ზარანდიას სიტყვებით, “მას მერე, რაც იურიდიულმა ფაკულტეტმა გაიგო იმის შესახებ, რომ [თვითმმართველობის] უფლებამოსილების ვადა იყო გასული”, დადგა იმ სტუდენტთა საკითხიც, რომლებიც თვითმმართველობის კვოტით შედიან ფაკულტეტის საბჭოში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ:

“როცა [გაცხადდა], რომ უფლებამოსილების ვადა მართლაც გასულია, რა თქმა უნდა, მათ ვუთხარით ჩვენ, რომ საბჭო ღიაა, მაგრამ კენჭისყრაში თქვენ მონაწილეობას ვერ მიიღებთ, რადგან უფლებამოსილების ვადა არის გასული და ჩვენთვის, როგორც იურიდიული ფაკულტეტის საბჭოსათვის, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ლეგიტიმური წევრები”.

თამარ ზარანდია

თამარ ზარანდია

თავად თვითმმართველობის წარმომადგენლებს სხვა ვერსია აქვთ. ისინი დასძენენ, რომ ფაკულტეტის ადმინისტრაცია ორგანიზაციის წევრ სტუდენტებს “დევნის და ავიწროებს”, ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც ამ სტუდენტებმა ფაკულტეტის საბჭოს ფორმატში გააპროტესტეს დეკანატის “სურვილი” “მაგისტრანტების ადგილების შემცირების” შესახებ.

“განსხვავებული აზრების მიუღებლობა გახდა დეკანატის მხრიდან მტრული დამოკიდებულების საფუძველი ჩვენ მიმართ.

პანდემიის გამო გადადებული არჩევნები არალეგიტიმურად ცნო იურიდიულის დეკანატმა და ჩვენი სტუდენტები საბჭოდან გამოაძევა პირდაპირი მნიშვნელობით”, — ნათქვამია თვითმმართველობის განცხადებაში.

თამარ ზარანდია აღნიშნულს უარყოფს. მისი თქმით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას მაგისტრანტების ადგილების შემცირება არც კი უცდია და თვითმმართველობის წევრ სტუდენტებს უკვე გამოცხადებული რაოდენობის გაზრდა სურდათ.

რაც შეეხება თვითმმართველობის ნათქვამს, რომ მისი სტუდენტები დეკანატმა საბჭოდან გააძევა, ფაკულტეტის დეკანი დასძენს:

“მათ უფლებამოსილება არც ჰქონდათ. ვადა გასული იყო. როგორ შეუჩერებ უფლებამოსილებას ადამიანს, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილება?”

სტუდენტების საორგანიზაციო კომიტეტი და 2 არჩევნები

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ნაწილი პროცესში სექტემბრიდან ჩაერთო. მათ გაიზიარეს მოსაზრება მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობის არალეგიტიმურობის შესახებ, არ ცნეს რა მისი უფლებამოსილების გახანგრძლივება მეორე ვადით.

ერთ-ერთი მათგანის, ირაკლი მანაგაძის თქმით, სტუდენტებს შორის საკითხისადმი ინტერესმა იმატა მას შემდეგ, რაც ფაკულტეტის საბჭოში ამჟამინდელი მოწვევის თვითმმართველობის წევრთა უფლებამოსილების საკითხი დადგა.

“[არჩევნების] გადავადება მხოლოდ ერთჯერადად შეეძლო თვითმმართველობას, 6 თვით. ამ 6 თვეში უნდა ემუშავათ, რომ რაღაცნაირად ჩაეტარებინათ არჩევნები. თუ უბნებზე ვერ ჩაატარებენ — ელექტრონულად.

ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტი შეიცვალა მისი მოვალეობის შემსრულებლით და მას შეუძლია, კიდევ გადადოს არჩევნები 6 თვით.

ამ ლოგიკით, პრეზიდენტის მოვალეობის დღევანდელი შემსრულებელი [ახლა] კიდევ რომ შეიცვალოს სხვა ადამიანით, მაშინ მას კვლავ შეეძლება, 6 თვით გადადოს არჩევნები და ამ ლოგიკით, უსასრულოდ შეუძლიათ კენჭისყრის გადადება”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გავრცელებული მასალა წინასაარჩევნოდ

საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გავრცელებული მასალა წინასაარჩევნოდ 

ირაკლი მანაგაძე და სხვები — ჯამში, იურიდიული ფაკულტეტის 40-მდე სტუდენტი — გაერთიანდნენ საორგანიზაციო კომიტეტში, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზება ითავა ხსენებულ ფაკულტეტზე.

კომიტეტის მუშაობას ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა, დასძინა რა, რომ “იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში, სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, აღარ იმყოფებიან სტუდენტთა წარმომადგენლები, ამდენად, საბჭო არ არის სრულად დაკომპლექტებული”.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია თავის ფეისბუქ გვერდზე წერდა, რომ აღნიშნული კომიტეტი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა “გაფართოებულ შეხვედრაზე დაკომპლექტდა” და ის “სტუდენტებმა აღჭურვეს ლეგიტიმაციით”, ჩაეტარებინა არჩევნები.

ამ ფონზე, სექტემბრის შუა რიცხვებში, თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნების 2 თარიღი გამოცხადდა: იურიდიულ ფაკულტეტზე შექმნილმა საორგანიზაციო კომიტეტმა 10 ოქტომბრისთვის დააანონსა კენჭისყრა მხოლოდ ამ ფაკულტეტის ფარგლებში, მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობამ კი არჩევნების თარიღად, როგორც იურიდიულ, ისე სხვა ფაკულტეტებზე, 12 ოქტომბერი დაასახელა.

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციამ იმთავითვე არ ცნო ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება და სტუდენტებს მოუწოდა, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ 10 ოქტომბრისთვის დანიშნულ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა,

“გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული [12 ოქტომბრის] არჩევნები ორგანიზებულია არაუფლებამოსილი VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ, ის არ არის ლეგიტიმური”, — დასძენდა ის.

თსუ-ს II კორპუსი თსუ-ს II (იურისტების) კორპუსი 

ასე დაიგეგმა თსუ-ში თვითმმართველობის 2 არჩევნები.

იურიდიულის საორგანიზაციო კომიტეტში ამბობენ, რომ მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობა არჩევნების დანიშვნას არ ჩქარობდა და ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც კომიტეტმა თავისი თარიღი გამოაცხადა.

ამ და სხვა დეტალებზე საუბარი “ნეტგაზეთს” თსუ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსანდრე გაბაშვილთანაც სურდა, თუმცა კომენტარზე თანხმობა ჯერჯერობით არ მიგვიღია. პასუხის შემთხვევაში, მასალა განახლდება.

სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა — რა ხდება ახლა?

თსუ-ში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის მეორე კვირაში.

28 სექტემბერს იურიდიული ფაკულტეტის ათეულობით პროფესორმა განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საორგანიზაციო კომიტეტის სტუდენტების მიმართ.

ამასობაში, იყო მხარეებს შორის მედიაციის უშედეგო მცდელობები. როგორც საორგანიზაციო კომიტეტში ამბობენ, უნივერსიტეტის რექტორმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და კომიტეტსა და ამჟამინდელი მოწვევის თვითმმართველობას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

მხარეთა შორის მკვეთრი განსხვავებების გამო, ეს ვერ მოხდა. ამასობაში, 8 ოქტომბერს, კომიტეტის წევრმა სტუდენტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს.

მოსარჩელეები სასამართლოსგან ითხოვენ:

“დაევალოს ს.ს.ი.პ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ ჩატარდეს არაუფლებამოსილი სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დანიშნული მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები”.

თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლო 

ამასთან, კომიტეტის წევრებმა სასამართლოს სთხოვეს, გამოეყენებინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეეჩერებინა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ მიმდინარე კვირაში დანიშნული არჩევნების ჩატარება.

“12 ოქტომბერს რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ეს სარჩელი მიზანს კარგავდა და იმის გარკვევაც დაკარგავდა მიზანს, ვინ იყო უფლებამოსილი არჩევნების ჩატარებაზე.

შესაბამისად, როცა დადგება განაჩენი, უფლებამოსილი ორგანო ჩაატარებს ამ არჩევნებს. სარჩელის მიზანია, დადგინდეს, ვინ არის უფლებამოსილი, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები”, — ამბობს ირაკლი მანაგაძე.

სასამართლომ დააკმაყოფილა საორგანიზაციო კომიტეტის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. შესაბამისად, 12 ოქტომბერს თსუ-ში არჩევნები აღარ ჩატარდა.

სამაგიეროდ, 2 დღით ადრე, 10 ოქტომბერს, იურიდიულის საორგანიზაციო კომიტეტმა ონლაინ, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით ჩაატარა არჩევნები თავის ფაკულტეტზე. კომიტეტის თანახმად, პროცესში 1039-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა: ფაკულტეტის სტუდენტთა 30%-მა.

“სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეს დიდი და მეტიც, უპრეცედენტო რიცხვია, რადგან სტუდენტთა ინტერესი იყო ყოველთვის დაბალი. სწორედ ამ ლეგიტიმურმა პროცესებმა გამოიწვია ის, რომ ინტერესი გაიზარდა”, — დასძენს მანაგაძე.

მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, 11 ოქტომბრის ღამით, თსუ-ს მეორე კორპუსის წინ, თანამოაზრეებთან ერთად გააკეთა განცხადება.

ალექსანდრე გაბაშვილის თქმით, 12 ოქტომბრის არჩევნების შეჩერებაზე მოსამართლის გადაწყვეტილება “უსამართლოა და წინააღმდეგობაში მოდის კანონთან განათლების შესახებ, სადაც გარკვევით წერია, რომ ადმინისტრაცია არ უნდა ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში”.

ალექსანდრე გაბაშვილი. ფოტო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ალექსანდრე გაბაშვილი. ფოტო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

თვითმმართველობის განცხადებით, იურიდიულ ფაკულტეტზე საორგანიზაციო კომიტეტი არა სტუდენტების ინიციატივით, არამედ ფაკულტეტის დეკანატის მითითებით, ამჟამინდელი მოწვევის თვითმმართველობასთან მისი დაპირისპირების გამო შეიქმნა და კრიტიკოსი სტუდენტების ყველა ნაბიჯი სწორედ დეკანატის მიერ არის ნაკარნახევი.

კომიტეტში აღნიშნულს უარყოფენ

“ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, გაწევრიანებულიყო კომიტეტში. ვერც დეკანს, ვერც დეკანის მოადგილეს ექნებოდა ზემოქმედების რაიმე ბერკეტი”, — ამბობს ირაკლი მანაგაძე ოპონენტების საპასუხოდ.

მისი თქმით, კომიტეტისა და ფაკულტეტის ხელმძღვანელობის თანამშრომლობა “მხოლოდ კონსულტაციებით შემოიფარგლებოდა”:

“სტუდენტებს ვერ გვეცოდინებოდა ყველა სამართლებრივი აქტი, რაც თვითმმართველობასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თუ რაიმე კითხვა გვქონდა, მივმართავდით დეკანატს”.

მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობამ თავისი არჩევნები გადადებულად გამოაცხადა, თუმცა ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და მოსამართლის განჩინებას გაასაჩივრებს. ის ასევე ითხოვს იურიდიული ფაკულტეტის დეკანისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენებას.

თავის მხრივ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან იურიდიულ ფაკულტეტზე. კომიტეტში ამბობენ, რომ თუ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობა ვერც მომავალში შეძლებს არჩევნების ორგანიზებას, რის შემდეგაც სხვა ფაკულტეტებზეც შეიქმნება სტუდენტური კომიტეტები კენჭისყრის დასაგეგმად.

კომიტეტში ამბობენ იმასაც, რომ თსუ-ს ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლობის იმედი არ აქვთ, ვინაიდან ამ უკანასკნელმა უნივერსიტეტის საიტიდან წაშალა კომიტეტის მუშაობასთან დაკავშირებით იურიდიული ფაკულტეტის მიერ გამოქვეყნებული მასალები.

საქალაქო სასამართლოში მოპასუხე მხარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. შესაბამისად, მოსამართლის განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილება, სურვილის შემთხვევაში, სწორედ მას აქვს.

“ნეტგაზეთმა” ვერ შეძლო თსუ-ს პრესსამსახურთან დაკავშირება ცენტრალური ადმინისტრაციის პოზიციის მოსასმენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი