ახალი ამბები

მერაბიშვილი: სანამ გლეხი არ იქნება მდიდარი, საქართველო ვერ განვითარდება

23 აგვისტო, 2012 • • 1179
მერაბიშვილი: სანამ გლეხი არ იქნება მდიდარი, საქართველო ვერ განვითარდება

მერაბიშვილის შეფასებით, გაცილებით უკეთესია, გადაწყვეტილების მიღება ხდებოდეს ადგილზე, ვიდრე ცენტრში:

 

„გამგებელმა და რწმუნებულმა უკეთესად იციან, რა პრობლემები აქვს სოფელს, ვიდრე – მინისტრმა, რაც არ უნდა განათლებული იყოს.“

 

პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სექტორის პრიორიტეტებზეც ისაუბრა:

 

„მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობა. სანამ გლეხი არ იქნება მდიდარი, შეძლებული, საქართველო ვერ განვითარდება და ვერ გაძლიერდება“.  

 

მერაბიშვილის  თქმით,  მთავრობა მზად არის, შექმნას  500 სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საწარმო:

 

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მინიმუმ 95 000 სასოფლო–სამეურნეო მიწა გახდეს მორწყვადი, გარდა ამისა,  ვაპირებთ 35 ათასი ჰექტარი მიწა, რომელიც არის დატბორილი, დავაშროთ. დმანისის რაიონი არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი მთავარი  რაიონი.  ამიტომ ჩემი ამოცანაა, თქვენისთანა ადამიანებს ხელი შევუწყო, რომ შეძლოთ მეტი პროდუქციის წარმოება.“

 

პრემიერის შეფასებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ფასები არის არასტაბილური:

 

„განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ პროდუქციას, როგორიც არის ხილი და ბოსტნეული. აქედან გამომდინარე, ნაკლებია ინტერესი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების. ჩვენs მეზობელ ქვეყნებს უფრო იაფი უჯდებათ პროდუქციის წარმოება, ვიდრე ჩვენ. ამის მთავარია მიზეზია ის, რომ ჩვენთან ნაკლებად არის განვითარებული თანამედროვე ტექნოლოგიები.“

 

მერაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ გააკეთა რამდენიმე საცდელი მეურნეობა ბოლნისში, წეროვანში, ხურვალეთში, ნიქოზში და სამტრედიაში.

 

„ჩვენ მზად ვართ, ტექნიკური და სხვა ტიპის დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა ფერმერს და იმისთვის, რომ მოხდეს პროდუქციის უფრო იაფად წარმოება. ამიტომ ვისაც ექნება სურვილი, რომ სასათბურე მეურნეობებით დაკავდეს, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მას. როგორც ლოჯისტიკურად, ისე გარკვეულ შეღავათებს დავაწესებთ მათთვის. იმისათვის, რომ ჩავანაცვლოთ იმპორტული პროდუქცია და საქართველოში ჩვენს, თქვენს მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდებოდეს არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთარშიც,“– განაცხადა მერაბიშვილმა ფერმერებთან შეხვედრაზე.

 

მთავრობა გააფორმებს ხელშეკრულებას სოფლის მეურნეობის აკადემიასთან:

 

„ყველა რეგიონზე მივამაგრებთ 5–5 აკადემიკოსს, მეცნიერს და ვეტყვით, რომ იარონ ხალხში და კონსულტაციები გაუწიონ. ამისათვის დავამატებთ ფულს“,– განაცხადა მერაბიშვილმა.     

 

ფერმერების მთავარი პრობლემა მცირე ბაზარი და პროდუქციის ექსპორტირების დაბალი მაჩვენებელია:

 

„ჩვენი ბაზარი პატარაა და ჩაკეტილი და ხშირად ერთმანეთის კონკურენტები არიან ფერმერები. იმ ქვეყნებმა გაიმარჯვეს, სადაც ფერმერები გაერთიანდნენ და ერთად დაიწყეს საკუთარი პროდუქციის დაცვა და უცხო  ქვეყნებში ბაზრების დაკავება. ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, ჩვენ ვართ მეზობლები,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი