ეუთოს სადამკვირვებლო მისია, ნილოლაი ვულჩანოვის ხელმძღვანელობით, 15 ძირითადი წევრისაგან შედგება. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და თბილისში არიან მობილიზებული.
ნიკოლაი ვულჩანოვი OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ხელმძღვანელობდა; იგი იყო მისიის ხელმძღვანელი 2010 წელს ლატვიის და 2007 წელს ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებზეც.
დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ წინასაარჩევნო კამპანიას, მედიის მიერ არჩევნების დაფარვას, საკანონმდებლო ჩარჩოს და მის განხორციელებას, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს. ეუთოს სადამკვირვებლო მისია დააკვირდება და შეაფასებს არჩევნებს დემოკრატიული პრინციპებით და კრიტერიუმებით, ასევე, დაკვირვების პროცესში გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი კანონმდებლობა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს დამკვირვებლები 2–კაციან ჯგუფებად დააკვირდებიან არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცესს და შედეგების დათვლას.
არჩევნების დღისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს დამკვირვებლებს შეუერთდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი ტონინო პიკულა კი მცირეხნიან სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს.
ეუთოსა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთ აპრილს გაუგზავნა მოწვევა, რათა განეხორციელებინათ მონიტორინგი პირველი ოქტომბრის არჩევნებზე. მოთხოვნის საფუძველზე შეიკრიბა დამკვირვებელთა შესაბამისი გუნდი, რომელმაც დღეიდან უკვე დაიწყო საქმიანობა.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნა მისი საქმიანობის დასრულებიდან რვა კვირაში გამოქვეყნდება.







