ცესკოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია კახეთში, სოფელ ჩალაუბანში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში, კედლებზე განთავსებული „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალების შესახებს.
“17 აგვისტოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცესკოს ინფორმაცია რეაგირებისთვის მიაწოდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად შეისწავლა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს ჩალაუბნის რწმუნებულთან დაკავშირებული კანონდარღვევის ფაქტი; შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა და მასალები გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, სოფელ ჩალაუბნის რწმუნებული 1000 ლარით დაჯარიმდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მეორე შემთხვევა კი უკავშირდება ქ. რუსთავის მერიის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაო ოთახში განთავსებული ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების ფაქტს.
“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ ცესკოს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქ. რუსთავის მერიის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაო ოთახში განთავსებული ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების ფაქტის შესახებ. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, კანონის თანახმად ოქმი გადაგზავნილია რუსთავის საქალაქო სასამართლოში”, – აცხადებს ცესკო.