თბილისში მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელები შეხვედრებს მართავენ პოლიტიკური პარტიების, არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მათ შეხვედრა უკვე გამართეს მმართველი პარტიის წევრებთან.
უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ვიცე–სპიკერის გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთოს აღნიშნული სადამკვირვებლო ჯგუფი საქართველოში მოკლე ვადით იქნება და ისინი მოსამზადებელ შეხვედრებს გამართავენ გრძელვადიანი მისიებისთვის.
“ეს შეხვედრა ეხებოდა საარჩევნო პროცესს, საარჩევნო კამპანიას. ეს მისია არის ხანმოკლე. მხოლოდ რამდენიმე დღის განმვლობაში ისინი დააკვირდებიან, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, როგორ მიმდინარეობს იმპლემენტაცია იმ კანონმდებლობის, რომელიც იქნა მიღებული. ჯერჯერობით არავითარი შეფასება არ კეთდება და ეს ყველაფერი არის მოსამზადებელი შეხვედრა იმისათვის, რომ უკვე ჩამოვიდეს დამკვირვებელთა დიდი მისია. ეუთოს ამ ჯგუფის ჩამოსვლა სწორედ გრძელვადიანი მისიის მოსამზადებელი წინა პერიოდია” – განაცხადა ვიცე–სპიკერმა გიგი წერეთელმა და დასძინა, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლების ნაწილი ჩამოსულია და ნაწილიც სექტემბერში ჩამოვა.
ორშაბათს თბილისს ეწვივნენ: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი, ვიცე-პრეზიდენტი ტონინო პიცულა, გენერალური მდივანი და მათი თანხმლები პირები. ეუთოს დამკვირვებელთა აღნიშნული ჯგუფი საქართველოს რამდენიმე დღით წინასაარჩევნო პროცესებზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა.
მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, ისინი შემაჯამებელ პრესკონფერენციას ხვალ გამართავენ.