პრეზიდენტის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვენაში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში:
“მაგრამ ჩვეულებრივად კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ძალიან მაგრად უნდა გავიმარჯვოთ იმიტომ, რომ ჩვენს უწმინდურ მოწინააღმდეგეს, გარედან რომელიც არის და მათ დამქაშებს აქ და აქ ყველა ნიღაბი უკვე ჩამოხნილია, ვისაც თვალები აქვს და ტელევიზორს უყურებს, მე მგონი, ყველაფერში დარწმუნდა უკვე ყველა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე წარადგინა.
“მე პოლიტიკაში 90-ანი წლების დასაწყისში მომიყვანა ერთმა ადამიანმა, რომელიც იყო ჩემი ასაკის, ჩემნაირი ინტერესები ჰქონდა, ჩემთვის იყო პატრიოტიზმის მაგალითი, ერთად ვმონაწილეობდით აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის პროცესში და იქ დავვახლოვდით და დავმეგობრდით და მერე მისი ინიციატივით მოვედი პარლამენტში და ამიტომ ჩემი პირველი პოლიტიკური ნათლობა მისგან მაქვს მიღებული და მე ეს არასოდეს არ დამავიწყდება. ამავე დროს მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანს ერთხელ არ შეშინებია. ბათუმისთვის როცა ვლაპარაკობდით, ვინ არის კარგი დეპუტატობის კანდიდატი, მე და ლევანი, გაგვახსენდა ზუსტად ის ადამიანი, რომელზეც მოგითხრეთ”, – ამ სიტყვებით წარადგინა ბათუმელების წინაშე პრეზიდენტმა გია ბარამიძე.
ბარამიძის წარდგენის დროს მიხეილ საააშვილმა ვრცლად ისაუბრა კოალიცია “ქართული ოცნების” გუნდზე, რომლის შემადგენლობაშიც, პრეზიდენტის თქმით, არიან ასლან აბაშიძის კადრები. დღესვე მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის – კაკო ძნელაძის (წარდგენილია კოალიციის მიერ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად) გამოსვლას “ქართული ოცნების” მიტინგზე, რა დროსაც მან განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარში ჩაზნექილი სკამები ენატრება.
“ვისაც ჩაზნექილი სკამები ენატრება, ლევანს აქვს რამდენიმე გადანახული საწყობში, ჯართად გასაგზავნი, სახლში წაუღე იმ ხალხს ჩაზნექილი სკამები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ჩაზნექილი სკამები ამ ადამიანებს უნდათ ქართველი ხალხისთვის, თვითონ კი ფული უყვართ და კომფორტში ცხოვრება.