საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დაემშვიდობა.
“ძვირფასო თანამშრომლებო, ძვირფასო კოლეგებო, დღეს აქ ბრძანდებით შეკრებილი ის ხალხი, ვისზეც დგას საქართველოს პარლამენტი. ყოველ ოთხ წელიწადში დგება ხოლმე მომენტი, როდესაც ქვეყანაში ხდება ცვლილება და ეს ცვლილება, პირველ რიგში, სწორედ ამ შენობაში, საქართველოს პარლამენტში აისახება. გასული არჩევნებიდან გავიდა ოთხი წელი, როდესაც მე და ჩემმა კოლეგებმა შემოვაბიჯეთ საქართველოს პარლამენტში და თუ რაიმე შევძელით ამ დროის განმავლობაში და საქართველოს პარლამენტმა თუ შეძლო თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულება ქვეყნის წინაშე, ეს არის, პირველ რიგში, თქვენი დამსახურება და მე დღეს მინდა მადლობა მოგახსენოთ ამისთვის. მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა ყველას, ვინც ძალიან ბევრი წელია ერთგულად ემსახურებით თქვენს საქმეს,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილი თანამშრომლებს მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა:
“გავიდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ამ შენობაში შემოვაბიჯეთ, და ბედნიერი ვარ, თუკი შევასრულეთ ყველა მოვალეობა, რაც ჩვენზე იყო დაკისრებული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უკეთესი და უკეთესი პარლამენტი ეყოლება. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს, რადგან ცხოვრება გრძელდება. ჩემი დღევანდელი გამოსვლა კი მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლებოდა თქმულიყო – მადლობა ყველას. თქვენ იცით, საქართველოს როგორ ემსახუროთ.”
დავით უსუფაშვილი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო 4 წლის განმავლობაში. იგი იყო რესპუბლიკური პარტიის სიის პირველი ნომერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, სადაც ხმების 11.7% მიიღო.
დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიას 2013 წლამდე თავმჯდომარეობდა. ამის შემდეგ იგი ხათუნა სამნიძემ შეცვალა

