“ფართი დასაქამების სანაცვლოდ” – ეს არის “ახალი მემარჯვენეების” ინიციატივა, რომელიც დღეს, 20 აგვისტოს, პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქაიროს ქუჩაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მოსახლეობას გააცნო.
“ახალი მემარჯვენეების” განცხადებით, ყოველი არჩევნების წინ, მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება უამრავ დაპირებას იძლევა, რომელიც საბოლოოდ ცარიელ დაპირებად რჩება.
“1 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლების მხრიდან კვლავ გვესმის ახალი დაპირებები. ქვეყანაში დასაქმების სპეციალური სამინისტროც კი შეიქმნა, რომელიც ცხადია, მხოლოდ პიარ აქციაა და არა რეალური ნაბიჯი დასაქმების პრობლემის გადასაწყვეტად.
ჩვენ, “ახალი მემარჯვენეები” გამოვდივართ კონკრეტული ინიციატივით, რომელიც დამყარებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე და სწორ ეკონომიკურ გათვლებზე. ამ ინიციატივის არსი შემდეგია:
როგორც ცნობილია, მთელ მსოფლიოში სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის მეშვეობით იქმნება. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ერთერთ სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად საწარმოო ფართზე მაღალი საიჯარო გადასახადი გვევლინება, რომელიც საბოლოოდ მძიმე ტვირთად აწვება თავად ამ ბიზნესს. მნიშვნელოვნად ეს ფაქტორიც განაპირობებს სამუშაო ადგილების ტოტალურ დეფიციტს და მოსახლეობის უმუშევრობას”, – ნათქვამია “ახალი მემარჯვენეების” განცხადებაში.
პარტიის მოსაზრებით, დღეს თბილისში და პრაქტიკულად მთელ საქართველოში, ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ასეულ ათასობით კვადრატული მეტრი გამოუყენებელი და მიტოვებული ფართია, ძველი უმოქმედო საწარმოების და მათზე დამაგრებული მიწის ფართობების სახით.
“ჩვენ, “ახალი მემარჯვენეები” გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ასეთი უმოქმედო საწარმოების ფართი სიმბოლურ ფასად – 1 კვ. მეტრი 1 ლარად გადაეცეს იმ კომპანიებს, რომლებიც აიღებენ ვალდებულებას ყოველ ასეთ 10 კვადრატულ მეტრზე დაასაქმონ მინიმუმ ერთი ადამიანი. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ მოკლე დროში ქვეყანაში დამატებით შეიქმნება ათეულ ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და რეალურად გაიზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც გაუჩნდებათ სტაბილური შემოსავალი”, – მიიჩნევენ “ახალი მემარჯვენეები”. მათივე მოსაზრებით, სწორედ ასეთი კონკრეტული ინიციატივებით შეიძლება ქვეყანაში შეიქმნას დამატებით სამუშაო ადგილები და შემცირდეს უმუშევრობა.