“პარტიულ წარმომადგენლებს არ უშვებენ, რათა მოხდეს პარტიების ერთმანეთისგან დისტანცირება, რაიმე ინციდენტის თავიდან ასაცილებლად. ასე ხდება ხოლმე, როცა რომელიმე პარტია რამე ღონისძიებას აღნიშნავს, მაგალითად, დიდგორობა სახალხო დღესასწაული იყო, მაგრამ როცა ერთი პარტიული ჯგუფი მთლიანად აღნიშნავს ღონისძიებას, მორიგეობა ხდება – ჯერ ერთი აღნიშნავს, მერე – მეორე,” – აცხადებს სალომე მახარაძე.
მისივე განმარტებით, პოლიცია გაფრთხილებას ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებით უშუალოდ პარტიისგან იღებს, თუმცა სალომე მახარაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, გუშინ მმართველი პარტიისგან მიიღო თუ არა შსს-მ გაფრთხილება, რომ ისინი პარტიულ დღესასწაულს მართავდნენ და “ქართული ოცნების” აქტივისტები არ შეეშვათ.
“დიდი ღონისძიება ნებართვის გარეშე არ ტარდება. შესაბამისად, გაფრთხილებულია პოლიცია. არ ვიცი, ამ შემთხვევაში ვინ გააფრთხილა პოლიცია, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის საქმის კურსშია ხოლმე,” – განაცხადა სალომე მახარაძემ.
ბახმაროში ყოველი წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული სახალხო დღესასწაულიც იმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია დოღი. ამასთან დაკავშირებით გუშინ ბახმაროში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჩოხატაურში, გოჩა ჯიქია ამბობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და კოალიციის 100-მდე აქტივისტი გუშინ ბახმაროში არ შეუშვა.
ბოლო ორი კვირის მანძილზე გუშინდელი შემთხვევა უკვე მესამეა, როდესაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულებზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა. სამაგიეროდ, აღნიშნულ დღესასწაულებში პირადად მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძროაბის” მაისურებითა და კეპებით აღჭურვილი მხარდამჭერთა ჯგუფი ხვდება.
“ქართული ოცნების” აქტივისტებს პრობლემები შეექმნათ აჭარაში, კურორტ ბეშუმში შუამთობის დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაში, ასევე, ქვემო ქართლში – დიდგორობის დღესასწაულზე.