ახალი ამბები

გააუქმებს თუ არა თბილისის მერია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას?

10 ნოემბერი, 2016 • 2320
გააუქმებს თუ არა თბილისის მერია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას?

თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი დედაქალაქის მერს “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, 25 მილიონი ლარის პირგასამტეხლო 2017 წლის თბილისის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს.

დეპუტატების თქმით, ორი წლის განმავლობაში “სითი პარკმა” 60 მილიონამდე ლარი მიიღო. როგორც ისინი ამბობენ, ამ თანხიდან მხოლოდ 18 მილიონი წავიდა ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი ჯიბეში ჩაიდეს კომპანიის თამანშრომლებმა. დეპუტატების განცხადებით, გარდა ამისა, თბილისში პარკირების სისტემა კვლავ მოუწასრიგებელია, რის გამოც აუცილებელია “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება.

დედაქალაქის მერიას კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში 25 მილიონი ლარის პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. საკრებულოს დეპუტატების ამბობენ, რომ ეს თანხა 2017 წლის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, “სითი პარკი” მომდევნო წლებში თბილისის ბიუჯეტიდან კიდევ მილიონობით ლარს მიიღებს.

“წელს უნდა გაწყდეს “სითი პარკთან” კონტრაქტი. ამის პირგასამტეხლო, 25 მილიონი ლარი, უნდა გადავიხადოთ. მოვუწოდებ თბილისის მერს, რომ ბიუჯეტში ეს 25 მილიონი ჩაიდოს. ამის შემდეგ რა თანხაც შემოვა, ყველაფერი უნდა მოხმარდეს პარკირების ინფრასტრუქტურის შექმნას. 2025 წლამდე ჩვენ რომ 270 მილიონი დავხარჯოთ მიწისქვეშა, მიწისზედა პარკინგისთვის (ვერტიკალური პარკინგისთვის), ეს ქალაქი ამოისუნთქებს და იქნება ნორმალური, ცივილიზებული ევროპული ქალაქი,” – განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

დედაქალაქის საკრებულოს წევრი “რესპუბლიკური პარტიდან” დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ მსგავსი კაბალური ხელშეკრულებები არ არის დედაქალაქის ინტერესებში და არც სამომავლოდ უნდა გაფორმდეს არც ერთ კომპანიასთან:

“მსგავსი კაბალური ხელშეკრულება აღარ უნდა დაიდოს არავისთან. ამისთვის ნამდვილად საჭიროა, რომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტში ჩაიდოს პირგასამტეხლო თანხა – 25 მილიონი. ამის საშუალება არის ყველანაირად. უნდა შეწყდეს კონტრაქტი ამ კომპანიასთან. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა დეპუტატებიც შემოგვიერთდებიან.”

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ხელშეკრულება “სითი პარკს” დედაქალაქის წინა ხელისუფლებამ გაუფორმა და იმის გამო, რომ დიდი ოდენობით პირგასამტეხლოა გადასახდელი, ერიდება ხელშეკრულების გაუქმებას. მისი თქმით, ამ საკითხს საკრებულოში მისვლის შემდეგ სხვა დეპუტატებთანაც განიხილავს.

“ბიუჯეტის პროექტს წარვადგენ საკრებულოში და დიდი სიამოვნებით მოვისმენ დეპუტატებისგან კონკრეტულ გაანგარიშებებს. თუ ისინი გვეტყვიან იმას, თუ რას მოვაკლოთ ეს თანხები, რათა სითი პარკს გადავუხადოთ 25 მილიონი და ეს იქნება გონივრული, ჩვენ ამას გავაკეთბთ. თუმცა ვშიშობ, რომ 25 მილიონი ლარის ამოღება ერთი წლის განმავლობაში პარკირებიდან იყოს შესაძლებელი, თუ ამ პარკირებას განახორციელებს დედაქალაქი,” – ამბობს ნარმანია.

“სითი პარკში” კი აცხადებენ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე დასახელებული ციფრები არ შეესაბამება სიამართლეს და კომპანია ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

“არათუ არ შეესაბამება სიმართელს, არამედ მიახლოებულიც კი არ არის ის შემოსავლები, რომლებიც კომპანიაზეა მიწერილი, ან ის თანხები, რომლებიც, მათ თქმით, გადაირიცხება მერიაში. კომპანია ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას. შესაბამისად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ კონტრაქტი ცალმხრივად გაწყდეს. რაც შეეხება თანხების გადანაწილებას, პირობებიდან გამომდინარე, შემოსული თანხების 60%–ს კომპანია აგზავნის თბილისის ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 40%–ით იხდის გადასახადებსა და ხარჯებს. შესაბამისად, გარკვეული მოგების დატოვებაც, თუმცა ეს არ შეესაბამება იმ თანხებს, რომლებიც დღეს დაასახელეს პრესკონფერენციაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გარკვეული პირები, უბრალოდ, დეზინფორმაციას ავრცელებენ,” – ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლევან ტაბიძე.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის მერი, ეს მისი გადასაწყვეტია: “კონტრაქტი შედგება ორი სუბიექტისგან და ამის გაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.”

დედაქალაქის მერი თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად საკრებულოში 15 ნოემბრამდე უნდა მივიდეს, სადაც სხვა საკითხებებთან ერთად, “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულების გაუქმებაზეს იმსჯელებენ. როგორც ლევან ტაბიძემ განგვიცხადა, კომპანიის წარმომადგენელი საკრებულოში განხილვას არ დაესწრება, რადგან ეს არ არის მათი კომპეტენცია.

2015 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ “სითი პარკის” წინააღმდეგ დაიწყო მოძრაობა, თბილისის მერიამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყო. მერია ხელშეკრულებაში 4 ძირითადი ცვლილების შეტანას გეგმავდა. მათ შორის, ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლების შეზღუდვას, თუმცა კონტრაქტის ეს პირობები არც ამის შემდეგ შეცვლილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი