ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები “სითი-პარკის” წინააღმდეგ კამპანიას იწყებენ

30 აპრილი, 2015 • • 1602
ოპოზიციური პარტიები “სითი-პარკის” წინააღმდეგ კამპანიას იწყებენ

ისინი 1 მაისს, 12:00 საათზე, აკაკი წერეთელის ძეგლთან აქციის გამართვას გეგმავენ, სადაც “სითი-პარკის” მუშაობით უკმაყოფილო მოქალაქეებთან ერთად კომპანიის მუშაობას გააპროტესტებენ.  

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრიფინგი სითი პარკთან, 30.04.2015
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრიფინგი სითი პარკთან, 30.04.2015

 

როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, “სითი პარკის” დახურვა თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც დღემდე არ სრულდება.

 

“სითი-პარკის” საკითხი და ამ კომპანიისათვის მინიჭებული უკანონო პრივილეგიები არის გიგი უგულავას ბრალდებებიდან ერთ-ერთი, მაგრამ ისინი დღემდე ძარცვავენ თბილისელებს. ჩვენ მოვითხოვთ პროკურატურისაგან, რომ გამოიძიოს, რა ხდება “სითი-პარკში” და რამდენი მილიონი გადაიხადა კომპანიამ თბილისის მერიასთან ხელშეკრულების მოსაპოვებლად,”- აცხადებს კახა კუკავა, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი.

 

როგორც კუკავა ამბობს, მისი, ბეჟან გუნავასა და”რეფორმატორების” ხელმძღვანელის, ირაკლი ღლონტის დაკავება უკანონოდ მოხდა 29 აპრილს და პოლიციის თანამშრომლები ზემდგომი პირების მითითებას ასრულებდნენ.

 

“ჩვენ ვუჩვენეთ “სითი-პარკის” ევაკუატორებს, რომ მანქანა, რომლის წაყვანასაც ისინი აპირებდნენ, არ ხერგავდა მოძრაობას, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი მითითებები. გვაქვს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ჩვენი მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. პოლიტიკოსების გუშინდელი დაკავების ფაქტზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ დავით ნარმანიას. ეს იყო პოლიტიკოსების დევნა,”- ამბობს ირაკლი ღლონტი.

 

ღლონტის განცხადებით, პირადად შეხვდება ამერიკის ელჩს, რიჩარდ ნორლანდს და მიაწვდის მას ინფორმაციას საქართველოში პოლიტიკური პარტიების დევნის ფაქტებზე.

 

“მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პირადი მცველი, გომელაური დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, ქვეყანას პოლიცია აღარ ჰყავს. ეს არის დაქირავებული დაცვის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დავით ცინარიძე-ყურშიტაშვილისა და რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს,” – აცხადებს კახა კუკავა.

 

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები აუცილებლად დაკმაყოფილდება და “სითი-პარკის” თანამშრომლებს ქალაქში თავისუფლად გავლის შერცხვებათ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლის მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს იწყებს. მერია ხელშეკრულებაში 4 ძირითადი ცვლილების შეტანას გეგმავს; მათ შორის, ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლების შეზღუდვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი