ახალი ამბები

“ეს შენ გეხება” პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების თაობაზე

18 აგვისტო, 2012 • • 985
“ეს შენ გეხება” პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების თაობაზე

ნათქვამია კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მმართველი პარტია გამოხატავს მზადყოფნას, გაიზიაროს კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ შემუშავებული ქცევის წესები იმ პირობით, რომ მას დაემატება რამდენიმე საკითხი, რომელიც მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ პრინციპებში იყო ასახული. ძირითადი ოპოზიციური სპექტრი კი, თავის მხრივ, მზად არის, გაიზიაროს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ტექსტი იმ პირობით, თუკი ქცევის წესებში სრულად იქნება ასახული კამპანიის ფარგლებში მომზადებული წინადადებები.
ვინაიდან არსებითი მზაობა ძირითადი პოლიტიკური აქტორების მხრიდან არსებობს, ხოლო შეთანხმების ხელმოწერა ვერ ხერხდება ფორმალურ მხარეზე შეუთანხმებლობის გამო, საჭიროდ მიგვაჩნია, ჩვენ მიერ შემუშავებულ ტექსტში ავსახოთ დამატებითი პუნქტები და შევთავაზოთ მხარეებს ხელმოსაწერად.

აქვე არ გამოვრიცხავთ, რომ მხარეების სურვილით ტექსტმა განიცადოს გარკვეული მოდიფიცირება და შეტანილ იქნას ცვლილებები, თუმცა მნიშვნელოვანია, საბოლოო შეთანხმების მიღწევის პროცესი დაიწყოს დაუყოვნებლივ”, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის

ჩვენ, ამ დეკლარაციის ხელმომწერი პარტიები, ვაღიარებთ თავისუფალი, სამართლიანი, თანაბარი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტ მნიშვნელობას 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობისა და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის.
ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ და ვაღიარებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარმართვისათვის მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ შემდეგი პრინციპების დაცვას:

პოლიტიკურმა პარტიებმა:
• არ დავუშვათ საკუთარ მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება. უზრუნველყონ საკუთარი აქტივისტების მხრიდან კამპანიის წარმართვა პოლიტიკური ეთიკის ფარგლებში და გაატარონ შესაბამისი ზომები ამ წესის დამრღვევთა მიმართ;
• უარი ვთქვათ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით; აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას; ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე განსაკუთრებით უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე;
• ვუზრუნველყოთ საზოგადოების და შესაბამისი სამსახურების წინასწარი ინფორმირება მათ მიერ დაგეგმილი პარტიული ღონისძიებების თაობაზე;
• არ დავუშვათ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრედიტაცია;
• არ განვახორციელოთ ამომრჩევლის მოსყიდვა და დაიცვან ამ კუთხით საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;
• არ დავუშვათ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მათ შორის, საბიუჯეტო რესურსების, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების და სახელმწიფო უწყებებში კონცენტრირებული ძალაუფლების გამოყენების გზით;
• ხელი შევუწყოთ მაღალი პოლიტიკური კულტურის დანერგვას – მაქსიმალური აქცენტი გააკეთონ თემატურ პოლიტიკურ დებატებზე და ამით მისცენ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა;
• პოლიტიკურმა ძალებმა არ დაუშვან ძალადობის და აგრესიის წახალისება არჩევნების დღეს, მათ შორის მომხრეების წინასწარი მობილიზების გზით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უწესრიგობა და დესტაბილიზაცია არჩევნების დღეს;
• ვუზრუნველყოთ საკუთარ ღონისძიებებზე ყველა მედიასაშუალებისთვის თანაბარი სამუშაო პირობები, არ დავუშვათ ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები;
• არ დავუშვათ მედიასაშუალებების ბოროტად გამოყენება კამპანიის მიზნებისთვის ან საზოგადოების დეზინფორმირებისთვის. ხელი შეუწყონ მედიასაშუალებებს შორის არსებული დაპირისპირების და დაძაბულობის განმუხტვას.

სახელმწიფო უწყებებმა:
• იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით;
• უზრუნველყონ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ;
• არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება ან დისკრიმინაციული მიდგომა;
• სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ისე განხორციელება, რომელიც დისკრიმინაციულად არ შეზღუდავს ცალკეული პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობას;
• სახელმწილფო აუდიტის სამსახურმა და საგამოძიებო ორგანოებმა მეტი აქცენტი გააკეთონ დარღვევების პრევენციაზე, ვიდრე დამრღვევთა დასჯაზე;
• სახელმწილფო აუდიტის სამსახურმა ხელი შეუწყოს პარტიებს კანონის შესრულებაში, მათ შორის წინასწარი კონსულტაციების გზით განსაკუთრებით დაფინანსების მიღების კუთხით;
• არ დაუშვან ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები. უზრუნველყონ სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში და საჯარო ღონისძიებებზე ყველა რეგისტრირებული მედიასაშუალების წარმომადგენლებისათვის საქმიანობის თანაბარი პირობები;
• ყველა შესაძლო და კანონიერი ფორმით უზრუნველყონ საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც ასევე გულისხმობს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ტელეარხების შეუზღუდავად მიწოდებას.
საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ ზემოჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი