ახალი ამბები

ობამა: ჩვენ, პირველ რიგში, პატრიოტები ვართ და არა – დემოკრატები ან რესპუბლიკელები

9 ნოემბერი, 2016 • 1536
ობამა: ჩვენ, პირველ რიგში, პატრიოტები ვართ და არა – დემოკრატები ან რესპუბლიკელები

“ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა არის ის, რაც გამოარჩევს ჩვენს დემოკრატიას სხვებისგან”, –განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს, რომლითაც აშშ–ში 8 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაფასა.

მისი თქმით, ის უკვე ესაუბრა არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპს, მიულოცა და მიიწვია თეთრ სახლში.

ობამამ ასევე ისაუბრა დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონის შესახებ და თქვა, რომ მისით ამაყობს.

“მისი ბრძოლა იყო ისტორიული მომენტი,” – განაცხადა ობამამ. მისი თქმით, როდესაც არჩევნებს აგებ, ეს არასასიამოვნოა, მაგრამ “მეორე დღეს ჩანს, რომ ყველანი ერთი გუნდის წევრები ვართ”:

“ჩვენ არ ვართ, პირველ რიგში, დემოკრატები, ან რესპუბლიკელები, ჩვენ, პირველ რიგში, ვართ ამერიკელები. ჩვენ უპირველესად პატრიოტები ვართ,” – განაცხადა ობამამ.

მან თქვა, რომ ის მზადაა, მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება ტრამპს.

ბარაკ ობამამ სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს:

“არ იფიქროთ, რომ არ შეგიძლიათ ვითარების შეცვლა,” – თქვა პრეზიდენტმა და ჰილარი კლინტონის სიტყვები მოიშველია: “ბრძოლა იმისთვის, რაც ღირებულია”.

8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად აშშ–ის 45–ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. მან არჩევნებში ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი