ახალი ამბები

FBI იძიებდა, მუშაობდა თუ არა ტრამპი რუსეთისთვის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ — NYT

13 იანვარი, 2019 • 1465
FBI იძიებდა, მუშაობდა თუ არა ტრამპი რუსეთისთვის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ — NYT

იმ დღეებში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ის) დირექტორი ჯეიმს კომი სამსახურიდან დაითხოვა, FBI-ის მაღალჩინოსნები იმდენად შეშფოთებულები იყვნენ, რომ დაიწყეს გამოძიება, იქცეოდა თუ არა ტრამპი “ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ რუსეთის სასარგებლოდ”, – სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმზი” (NYT).

11 იანვარს “ნიუ-იორკ ტაიმზში” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, კონტრდაზვერვის აგენტები ცდილობდნენ გაერკვიათ, ტრამპი რუსეთისთვის გაცნობიერებულად მუშაობდა თუ უნებლიეთ მოხვდა რუსეთის გავლენის ქვეშ. ამ გამოძიებას კრიმინალური ასპექტიც ჰქონდა, რაც დიდი ხანია, საჯაროდაც ცნობილია – იყო თუ არა დევიდ კომის პოსტიდან დათხოვნა მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა.

გამოცემის თანახმადვე, FBI-ის მაღალი თანამდებობის პირები 2016 წელსვე ჰქონდათ ეჭვები ტრამპის რუსეთთან კავშირზე, თუმცა გამოძიების დაწყებისგან თავი შეიკავეს, სხვა მიზეზებთან ერთად იმის გამო, რომ ზუსტად იცოდნენ, როგორ წარემართათ ასეთი მგრძნობელობისა და მაგნიტუდის გამოძიება.

ტრამპმა კომი სამსახურიდან 2017 წლის მაისში დაითხოვა იმ საბაბით, რომ იგი არასწორად გაუძღვა 2016 წლის არჩევნებისას დემოკრატების კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, იმეილების გარშემო დაწყებული გამოძიებას. თუმცა კომის უწყება იმ დროს თავად ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან სავარაუდო კავშირებსაც იძიებდა.

NYT-ის ცნობით, იმის გამო, რომ თავად ტრამპმა ორჯერ დაუკავშირა კომის დათხოვნა რუსეთის შესახებ გამოძიებას, FBI-მ გამოძიება დაიწყო და კონტრდაზვერვითი ასპექტიც გამოიკვეთა.

თეთრი სახლი ამ ცნობებს უარყოფს და ინფორმაციას “აბსურდს” უწოდებს. “პრეზიდენტ ობამასგან განსხვავებით … პრეზიდენტი ტრამპი რეალურად მკაცრად ექცევა რუსეთს”, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა.

გავრცელებულ ინფორმაციას თავად ტრამპმაც უპასუხა 12 იანვარს.

პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა: “ახლახანს გავიგე წარუმატებელი ნიუ-იორკ ტაიმზის მეშვეობით, რომ მას შემდეგ, რაც მატყუარა ჯეიმს კომი სამსახურიდან დავითხოვე, FBI-ის ყოფილ კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებიც ძალზედ მძიმე მიზეზებით დაითხოვეს ან გააგდეს სამსახურიდან, ჩემ მიმართ გამოძიება დაუწყიათ სრულიად უმიზეზოდ და მტკიცებულებების გარეშე”.

12 იანვარს “ფოქს ნიუზთან” 20-წუთიან ინტერვიუში კი ტრამპმა “ტაიმსის” ამ სტატიას “შეურაცხყოფა” უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი