ახალი ამბები

გრძელვადიანი მისიები წინასაარჩევნო პერიოდს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში დააკვირდებიან

16 აგვისტო, 2012 •
გრძელვადიანი მისიები წინასაარჩევნო პერიოდს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში დააკვირდებიან

ეუთოს სადამკვირვებლო მისია
ეუთოს სადამკვირვებლო მისია

ევროპის საბჭოში პროგრამების მრჩევლის იგორ გაონის განცხადებით, ევროსაბჭოს დამკვირვებლები ჯერ საქართველოში არ გამოუგზავნიათ და მათი ჩამოსვლა სექტემბრამდე არ იგეგმება.

“საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ჯგუფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით  ჩამოვა. მე ვფიქრობ, როდესაც სექტემბერში საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია იქნება, ჩვენ გვექნება სია, თუ ვინ გამოიგზავნება აქ, საქართველოში, დამკვირვებლების სახით. მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ ისინი აგვისტოში ჯერ არ ჩამოვლენ, ისინი სექტემბრიდან ეტაპობრივად დაიწყებენ ჩამოსვლას. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს ევროსაბჭოს ოფისი და აქედან ხდება მონიტორინგი პირდაპირ მოვლენების”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ევროსაბჭოს წარმომადგენელმა იგორ გაონმა.

რაც შეეხება ეუთოს ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლას, “ნეტგაზეთი” დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლს ტომას რიმერს დაუკავშირდა.

მისი განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში გრძელვადიან დამკვირვებლებს 21 აგვისტოს გამოაგზავნის, ხოლო 22–ში პრესკონფერენციას გამართავენ მისიის დაწყების თაობაზე. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კი მოკლევადიანი დამკვირვებლებიც შეუერთდებიან სადამკვირვებლო მისიას.  

ამ დროისთვის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში 3 საერთაშორისო ორგანიზაცია არის რეგისტრირებული: ,,აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI); NDI საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და ,,ახალგაზრდა დემოკრატთა საერთაშორისო კავშირი”(IYDU).

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ჯერ კიდევ 6 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის მოთხოვნით, საერთაშორისო ინსტიტუტებს მოსაწვევი გაუგზავნა, რომლებსაც წინასაარჩევნო პროცესზე მონიტორინგი უნდა ეწარმოებინათ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ოფიციალური ფორმალური მოსაწვევი დაეგზავნა – ეუთოს ადამიანის უფლებების და დამოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს  საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.

თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები იგვიანებენ. საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში მთლიან  წინასაარჩევნო პროცესებზე დასაკვირვებლად უნდა ჩამოსულიყვნენ, რაც არ მოხერხდა.   

შეგახსენებთ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში, ასევე ოპოზიციური პარტიები, ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (OSCE/ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას მოითხოვდნენ მთლიანად  წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი