საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბი 16 აგვისტოს, არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, ნახევრად ცარიელი დაგვხვდა. დაცვის წევრმა, რომელმაც შტაბში არ შეგვიშვა, განმარტა, რომ შენობაში ისეთი არავინაა, ვინც კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის. “ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს შტაბის საკონტაქტო ნომერზე განვგვიმარტეს, რომ საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანდრია ურუშაძემ რამდენიმე დღის წინ დაასრულა საბურთალოს ამომრჩეველთან შეხვედრები და სექტემბრის თვიდან ისევ განაახლებს მათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ ძირითადი დაპირებების შესახებ რამდენიმე დღის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ისაუბრა.
„მეტი სარგებელი ხალხს, ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვი, ყველა ოჯახი იქნება დაცული სამედიცინო ხარჯებისაგან, იქნება სამედიცინო დაზღვევა. იქნება სტაბილური სამსახური,“- განაცხადა ურუშაძემ.
ურუშაძის დაპირებების არ სჯერა საბურთალოში მცხოვრებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრს ბექა ზადიკაშვილს, რომელიც დღეს, 16 აგვისტოს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, დავით უსუფაშვილის საბურთალოს მოსახლეობასთან პირველ შეხვედრას ესწრებოდა.
„ჯანდაცვის მინისტრი იყო და იმის რესურსი ჰქონდა, მეტი სარგებელი და ჯანდაცვა მიეცა ხალხისთვის, მაგრამ არ გამოიყენა. ახლაც იგივე დაპირებები აქვს, რომელიც 8 წლის მანძილზე ჰქონდათ,“ – ამბობს კოალიციის წევრი.
„ქართული ოცნების“ დაპირებებზე დღეს არ უსაუბრია კოალიციის კანდიდატს საბურთალოს რაიონში, დავით უსუფაშვილს. შეკრებილ მოსახლეობას, რომელთა უმეტესობა საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ, უსუფაშვილი მმართველი გუნდის პოლიტიკაზე ესაუბრა.
„დღეს აქ, იუნკერთა სახელობის სკოლასთან შევიკრიბეთ, იმ ადმიანების სახელობის სკოლასთან, ვინც სიცოცხლე გაწირა ქვეყნისთვის. ჩვენ აღარ გვინდა, რომ ახალგაზრდები ასე ეწირებოდნენ ქვეყანას. აღარ გვინდა განმეორდეს 2008 წლის აგვისტო, გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ქვეყნის აღმშენებლობაში საკუთარი შრომით მიაღწიონ წარმატებას. ჩვენ აღარ გვინდა ვიხილოთ ის ახალგზრდები, რომლებიც მთავარობამ ბედის ანაბარა მიატოვა იმ მძიმე დღეებში. მე ვიცი უამრავი ადამიანი, რომელიც ტყე-ტყე მოდიოდა იმიტომ, რომ მიტოვებული იყო ხელისუფლებისგან ბედის ანაბარა,“- განაცხადა უსუფაშვილმა.
კანდიდატმა ავღანეთში საქართველოს მისიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობა:
„თუმცა, არ უნდა გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ საკითხში სპეკულირებს. აი, კიდევ 2000 კაცს გამოვაგზავნი და თქვენ ოღონდ მხარი დამიჭირეთ, თვალი დახუჭეთ უსამართლობაზე, პოლიციურ სახელმწიფოზე, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ და აკავებენ.“
უსუფაშვილმა ასევე ჯარიმებზე, საგადასახადო პოლიტიკაზე და მთავრობის ვაუჩერების პროექტებზე ისაუბრა.
„რა გვჭირს ხელისუფლების სამათხოვრო და 1000, 10 და 20– ლარიანი ვაუჩერების სამადლო? უმჯობესი იქნებოდა, სამუშაო ადგილების შექმნაზე ეზრუნათ. აქამდე შეიძლება ბევრს გვიფიქრია, ვის ვანდოთ ხელისუფლება, ვინ არის უკეთესი, მგონი, ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია. ხელისუფლებამ იგრძნო ხიფათი და დარწმუნდა, რომ მას მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს. იყავით მზად, რომ დარჩენილი თვენახევარი გაგრძელდება ძალადობა და გაცილებით მძიმე იქნება,“- განაცხადა მან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სხვა წევრისთვის, ანა ბარბაქაძისთვის წელს პირველი არჩევნებია. უსუფაშვილის შეხვედრა ახალგაზრდებთან სწორედ მისი გამოსვლით დაიწყო. მან თავის გამოსვლაში განმარტა, რატომ ჩაერთო პოლიტიკაში. ამბობს, რომ ქვეყანაში უფლებადარღვევებმა, განათლების ხელმისაწვდომობისა და სხვა პრობლემებმა გამოიყვანა:
„მე არ მინდა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული მშობლები სკაიპის მეშვეობით ზრდიდნენ შვილებს. არ მინდა, ყველა ქუჩის კუთხეში გამოწვდილ ხელს ვხედავდე.“
უსუფაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია მისი მხარდამჭერი, საბურთალოს რაიონში მცხოვრები მადონა ალიმბარაშვილი.
„ბიძინა ივანიშვილი გვპირდება დალაგებულ სამშობლოს. მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, ჩემი ხალხის სახეზე ვნახო ღიმილი, ამ ღიმილის გამოწვევა კი ბიძინას მეტს არავის შეუძლია,“ – ამბობს მადონა ალიმბარაშვილი.
თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ დაასახელა.
“ლეიბორისტულმა პარტიამ” თბილისის მაჟორიტარები დღეს წარადგინა. საბურთალოს რაიონში”ლეიბორისტებს” გურამ პეტრიაშვილი წარმოადგენს, რომელმაც 1992 წელს, ზვიად გამსახურდიას რეჟიმის დამხობის შემდეგ საქართველო დატოვა და ახლახან დაბრუნდა საქართველოში.
ამ დრომდე, საბურთალოს რაიონის კანდიდატი არ დაუსახელებია “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” და “ახალ მემარჯვენეებს”.