ახალი ამბები

ცესკო სიებთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას პასუხობს

14 აგვისტო, 2012 • • 1350
ცესკო სიებთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას პასუხობს


ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსის ეკა აზარაშვილის განცხადებით, “რესპუბლიკურმა პარტიამ” ცესკოს  წერილით მიმართა და ოლქებად და უბნებად დაყოფილი სია მოითხოვა.

“ჩვენ ორდღიანი ვადა გვაქვს იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ და პასუხს თან მივაყოლებთ ოლქებად დაყოფილ სიას. რაც შეეხება უბნებად დაყოფილ სიას, ჯერჯერობით უბნებად დაყოფილი სიის საბოლოო სახე არ არის. უბნების საზღვრების საბოლოო სახე არ არის იმიტომ, რომ უბნების საზღვრების საკითხი გასაჩივრებულია. საარჩევნო ოლქებს უბნების საზღვრები უნდა დაეზუსტებიათ და სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, მანამდე, რა თქმა უნდა, ვერ მივაწვდით ვერავის ამ ინფორმაციას. როგორც კი საბოლოო სახე გვექნება უბნების, ცესკო დაყოფს ამომრჩეველთა სიებს უბნებად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონით არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, ვაპირებთ, რომ საჯარო გავხადოთ ეს სია და გამოვაქვეყნოთ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ცესკოს წარმომადგენელმა ეკა აზარაშვილმა და დასძინა, რომ საოლქო სიებზე პასუხი მზადდება და პარტიას პასუხი და თანდართული ოლქებად დაყოფილი სიაც გადაეცემა.

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს დიპლომატიურ კორპუსთან კოალიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ცესკოს პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის სიები ჯერ კიდევ არ გადაუგზავნია.

“დიდი ინტერესი გამოავლინა  საერთაშორისო თანამეგობრობამ, რატომ არ არის გადმოცემული პოლიტიკურ ორგანიზაციებზე უკვე დაზუსტებული სიები”, – აღნიშნა ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი