ნეტგაზეთი | ხიდაშელის თქმით, “ქართულ ოცნებას” შეეშინდა, საარჩევნოდ სავალდებულო გაწვევა აღედგინა ხიდაშელის თქმით, “ქართულ ოცნებას” შეეშინდა, საარჩევნოდ სავალდებულო გაწვევა აღედგინა – Netgazeti
RU | GE  

ხიდაშელის თქმით, “ქართულ ოცნებას” შეეშინდა, საარჩევნოდ სავალდებულო გაწვევა აღედგინა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი მოქმედი მინისტრის, ლევან იზორიას მიერ სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენას ეხმაურება.

“თქვენ, უბრალოდ, მოატყუეთ საზოგადოება, ვინაიდან ჩემი გადადგომის პირველივე დღეს ზუსტად იცოდით, რომ გაწვევას დააბრუნებდით, მაგრამ საარჩევნოდ შეგეშინდათ,”- წერს თინა ხიდაშელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება თინა ხიდაშელის ინიციატივა იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა  სავალდებულო სამხედრო სამსახურის სრულად გაუქმებას. ხიდაშელის ინიციატივის მიხედვით, სავალდებულო გაწვევას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ეთიშებოდა, თუმცა შსს-სა და სასჯელაღსრულების სამინისტროს კვლავ შეეძლო 18-დან 27 წლამდე მოქალაქეების გაწვევა, რადგან მათთან მსახურება, კანონის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურად ითვლება.

დღეს, 7 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაწვევა აღადგინა. იზორია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საუკეთესო უცხოური გამოცდილების შესწავლის, ასევე ეკონომიკური ფაქტორების  გათვალისწინებით მიიღეს. პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ იზორიას მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

ხიდაშელი ამბობს, რომ გაწვევის მოქმედ ფორმას დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემები აქვს:

“ის სუბიექტურია და სოციალურად უსამართლოა;  ის ადამიანის შრომის გამოყენებას გულისხმობს ანაზღაურების გარეშე; ის ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული და, შესაბამისად, სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს; ის არ აძლევს ახალგაზრდას შესაძლებლობას, დაგეგმოს მისი მომავალი; ის სახელმწიფო სახსრებს მიმართავს ღონისძიებისთვის, რომელსაც სახელმწიფოს / საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს; უბრალოდ, ფლანგავს საბიუჯეტო რესურსს; ქმნის თავდაცვის შემძლეთა რაოდენობრივ ილუზიას და, შესაბამისად, ასუსტებს საფრთხის გამკლავების სახელმწიფოს უნარებს,”- წერს თინა ხიდაშელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი