ახალი ამბები

იზორია: საქართველოში სამხედრო ფლოტის შექმნას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები

7 ნოემბერი, 2016 • 1614
იზორია: საქართველოში სამხედრო ფლოტის შექმნას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ არის საჭირო შავის ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოში სამხედრო ფლოტის აღდგენის დაწყება, იზორიამ განაცხადა, რომ “კატეგორიულად წინააღმდეგია” სამხედრო ფლოტის.

თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე პრემიერი აცხადებენ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველო აქტიურად არის ჩართული.

ეს განცხადებები პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა 7 ნოემბერს, სასტუმრო ბილტმორში, თავდაცვის სამინისტროს რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთეს.

“კატეგორიულად წინააღმედგი ვარ სამხედრო ფლოტის საქართველოში და რატომ: ეს არის კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული. მილიარდებზეა საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ როდესაც პრიორიტეტებს ვსახავთ, სწორედ ჩვენი შესაძლებლობიდან, ჩვენი რესურსებიდან უნდა დავსახოთ ეს პრიორიტეტები. თუმცა ეს არ ნიშნავს ამ კომპონენტის საერთოდ გაქრობას. ეს კომპონენტი, რასაც ჰქვია სანაპირო დაცვის კომპონენტი, ძალიან ეფექტიანად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში. მეტსაც გეტყვით: ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიციები განახორციელეს. ამიტომ ახლის შექმნას ჯობია არსებულის განვითარება, მაგრამ არა ფლოტის დონეზე, რომ ეს, უბრალოდ, მოტყუებაა საზოგადოების და არამიზნობრივი ხარჯები, როდესაც შეიძლება ფლოტის შესაქმნელად 2 მილიარდი დოლარიც არ იყოს საკმარისი. გონიოში თურქული გემი როცა შემოვიდა, მისი ღირებულება არის 150 მილიონი. წარმოიდგინეთ, ფლოტი, რომელსაც უნდა ჰყავდეს გემები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რა კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული,”- განაცხადა ლევან იზორიამ ფლოტის შექმნის საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საქართველოს ჩართულობას NATO-ს შავი ზღვის დიალოგში, თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს შეტანილი განაცხადი, რათა თებერვალში ნატო-საქართველოს კომისიაზე ამ საკითხთან დაკავშრებით საკუთარი ინიციატივებით წარდგნენ.

“სექტემბერში ჩრდილო-ანლანტიკური საბჭოს ვიზიტი განხორცილდა საქართველოში, მე მქონდა გენერალურ მდივანთან ორმხრივი მოლაპარაკების შესაძლებლობა და განხილვის ერთ-ერთი თემა გახლდათ სწორედ საქართველოს პოზიციონირება ამ კუთხით. გახლდათ სტუმრად ასევე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც, სხვათა შორის, ბრძანა, რომ ის ჩვენთან ჩამოსვლამდე იყო რუმინეთში, შეხვდა კოლეგას და მიმდინაროებს აქტიური დისკუსია ნატოს ფარგლებში- თუ რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა, როგორც ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყნებს, ასევე ნატოსთან მიმართებაში რა კონკრეტულ ურთიერთობაზე იქნება საუბარი. ჩვენ კონკრეტული განაცხადი გვაქვს შეტანილი, რომ თებერვალში, როდესაც ამ საკითხს მეტი კონკრეტიკა მიეცემა, რომ შედგეს ნატო-საქართველოს კომისის სხდომა, სადაც ჩვენ ჩვენი ინიციატივებით წარვდგებით ჩვენი კოლეგების წინაშე,”- განაცხადა ლევან იზორიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლოა საქართველო ჩართული იყოს პატრულირებაში:

“რა თქმა უნდა, ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად და შესაძლოა საქართველო ჩართული იყოს პატრულირებაში და სხვა ასეთ ტიპის ოპერაციებში. ჩენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენი ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია მთლიანად ეს პროცესი,”- განაცხადა პრემიერმა.

NATO შავის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას გემავს – ამის შესახებ ალიანსის წევრები 2016 წლის ივლისისი ვარშავის სამიტზე შეთანხმდნენ.

“ჩვენ გავაგრძელებთ მხარი დავუჭიროთ, საჭიროების შემთხვევაში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მცდელობებს, უზრუნველყონ უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ კუთხით ჩვენ ასევე გავაძლიერებთ დიალოგსა და თანამშრომლობას საქართველოსთან და უკრაინასთან,”- წერია ვარშავის სამინტის კომუნიკეში.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 6 წევრი ქვეყანა: გერმანია, კანადა, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, შავ ზღვაში ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების მისიაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ეს გადაწყვეტილება ოქტომბრის ნატოს მინისტერიალზე იქნა დაფიქსირებული. ამ მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ დასწრებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი