ახალი ამბები

ნატოს მინისტერიალი საქართველოს გარეშე? – ოპოზიციის შეკითხვები და ხელისუფლების პასუხი

27 ოქტომბერი, 2016 • 1472
ნატოს მინისტერიალი საქართველოს გარეშე? – ოპოზიციის შეკითხვები და ხელისუფლების პასუხი

“სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პირველად არ ჰქონდა შესაძლებლობა, ოქტომბრის ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ყოფილიყო ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ნაწილი, რომელშიც განისაზღვრა ნატოს შავი ზღვის რეგიონში სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ყოფნის მოდალობები”, – ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა თამარ კეკენაძემ გააკეთა.

საქმე ეხება ცოტა ხნის წინ დასრულებლ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ბრიუსელში, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააცნო.

“ეს იყო მინისტერიალი, რომლის დღის წესრიგი წინასწარ იყო განსაზღვრული, საუბარია საკითხებზე, რომლებიც შეეხებოდა ალიანსის თავდაცვისუნარიანობას. აქედან გამომდინარე, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო მკაცრად ალიანსის წევრი სახელმწიფოების ფორმატში [განხილული], შესაბამისად, არც ერთი ასპირანტი და პარტნიორი ქვეყანა არ იღებდა მონაიწლეობას მინისტერიალის სამუშაო პროცესში. საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში”, – განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ნატოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ.

თამარ კეკენაძის განცხადებით კი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა არის სწორედ ის ფორმატი, რომლის ჩატარებაც ასეთ დროს უნდა იქნას მოთხოვნილი.

,,ამ რელობაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველო სრულყოფილად იყოს ჩართული ამ პროცესებში და პროაქტიულად შესთავაზოს ჩვენს პარტნიორებს კონკრეტული შესაძლებლობები და მექანიზმები, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ნატოს ყოფნას საქართველოში“, – აცხადებს კეკენაძე და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება დროულად წარმოადგენს იმ სტრატეგიას, რომლითაც ქვეყანა მოემზადება შემდეგი ნატოს სამიტისთვის:

,,იმედი მაქვს, ხელისუფლება უახლოეს პერიოდში გაგვაცნობს, თუ რა სტრატეგიით ემზადება ქვეყანა შემდეგი ნატოს სამიტისთვის და რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 6 წევრი ქვეყანა: გერმანია, კანადა, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, შავ ზღვაში ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების მისიაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ეს გადაწყვეტილება სწორედ ზემოხსენებულ მინისტერიალზე იქნა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი