ახალი ამბებისაზოგადოება

ზამთარი თბილისში: მხოლოდ ზოგისთვის ხელმისაწვდომი უსახლკაროთა თავშესაფარი

4 ნოემბერი, 2016 • 4555
ზამთარი თბილისში: მხოლოდ ზოგისთვის ხელმისაწვდომი უსახლკაროთა თავშესაფარი

თბილისში უკვე აცივდა და ზამთრის დადგომასთან ერთად, სავარაუდოდ, კიდევ უფრო აცივდება, თუმცა უსახლკაროთა ნაწილს  კვლავ ქუჩაში მოუწევს ღამის გატარება. თავშესაფარი, რომელიც თბილისის მერიამ სიცივის გამო უსახლკაროთა სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად გასულ წელს გახსნა, ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის.

თავშესაფარში კი, რომელიც 240 ბენეფიციარზეა გათვლილი, ამ დროისთვის 105-მდე ადამიანი ცხოვრობს.

მოკლევადიანი სერვისი: როგორ მოხვდნენ თავშესაფარში უსახლკაროები

ბენეფიციართა ნაწილი თავშესაფარში 2015 წლის დეკემბერში თბილისში, მოსკოვის გამზირზე დადგმული კარვებიდან მოხვდა. მათი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. როგორც მათი ნაწილი ამბობს, ბინა ახლობლის ავადმყოფობის გამო გაყიდეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ქუჩაში აღმოჩნდნენ. ამგვარ ისტორიას გვიყვება მეგი ჯანყარაშვილიც:

“მე მქონდა თბილისში ორი ბინა. დედაჩემი გახდა ცუდად და გავყიდეთ ორივე. დედას გაჟონვა დაემართა და ვერ გადავარჩინეთ. დავდიოდით ქირით. მთელი ოცი წელიწადი ქირით დავდიოდით. ახლაც გაგვიჭირდა ძალიან. კარვებში ვცხოვრობდით გარკვეული პერიოდი. ახლა ერთი წელი გახდება დეკემბერში, რაც აქ ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი” – გვიყვება მეგი.

მეგი ჯანყარაშვილი მერიის თავშესაფარში შვილთან ერთად ცხოვრობს. მერიის თავშესაფარში გადმოსვლამდე დედა-შვილი მოსკოვის გამზირზე კარვებში ცხოვრობდნენ. 03.11.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მეგი ჯანყარაშვილი მერიის თავშესაფარში შვილთან ერთად ცხოვრობს. მერიის თავშესაფარში გადმოსვლამდე დედა-შვილი მოსკოვის გამზირზე კარვებში ცხოვრობდნენ. 03.11.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მეგი ჯანყარაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც თავშესაფრის სერვისით ისარგებლა. სერვისი მოკლევადიან დახმარებაზეა გათვლილი. თავშესაფარში ცხოვრების ხანგრძლივობა 18 თვემდეა განსაზღვრული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თავშესაფარი ერთი წელია არსებობს, ჯერ არ ჰქონიათ შემთხვევა, ბენეფიციარი ამ მიზეზით სერვისიდან მოეხსნათ.

მეგის მსგავსად, კარავში ცხოვრობდა ტერეზა ხაჩიანიც. მანაც ბინა დედის ავადმყოფობის გამო გაყიდა. ქირის გადახდის საშუალება რომ აღარ ჰქონდა, მერიის მიერ მოწყობილ კარავში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 8 თვე გატარა.

“ბინა გავყიდეთ, დედა ავად გამიხდა. ქირით ვცხოვრობდით. თანხა, ყველაფერი დამეხარჯა. ბოლოს, დედა რომ გადარაიცვალა, ბინის ქირის გადახდის საშუალება აღარ მქონდა და მოვხვდი კარავში. 8 თვე მოსკოვის გამზირზე კარავში გავატარე. იქიდან მოვხვდი აქ. უკვე ნახევარი წელია აქ ვცხოვრობ” – ამბობს ტერეზა. 

8 თვე კარავში ცხოვრობდა ტერეზა ხაჩიანიც. 7 თვის წინ კი მერიის თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად. 03.11.16 ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

8 თვე კარავში ცხოვრობდა ტერეზა ხაჩიანიც. 7 თვის წინ კი მერიის თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად. 03.11.16 ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

როგორც პერსონალი ამბობს, 18 თვის გასვლის შემდეგ მოხდება საკითხის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, პირს უფრო დიდხანს მისცემენ თავშესაფარში დარჩენის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი 240 ადამიანზეა გათვლილი, როგორც დირექტორის მოადგილე, ნინო ბისეიშვილი ამბობს, სრული შევსება არასოდეს ყოფილა. ბენეფიციართა მაქსიმალურ რიცხვს, რომელსაც დირექტორის მოადგილე იხსენებს, 150-სთვის არ გადაუჭარბებია.

ჯულიეტა მურიძე მერიის თავშესაფარში სამი თვეა ცხოვრობს. ბინა სამი წლის წინ გაყიდა. როგორც ამბობს, მყიდველმა მოატყუა და ბინის გადაფორმების შემდეგ თანხა არ დაუბრუნა. მისი სახლი იპოთეკით დატვირთა და მურიძე სახლიდან გამოასახლეს. მას შემდეგ ზოგჯერ მეგობრებთან რჩებოდა, ხან მეზობლებთან ცხოვრობდა.  “ყოველთვის ხომ ვერ შეაწუხებ ადამიანებს, გადავწყვიტე, აქ მოვსულიყავი”, – ამბობს ჯულიეტა. ბენეფიციარს იმედი აქვს, რომ სასამართლო პროცესს მოიგებს, ბინას დაიბრუნებს და თავშესაფარს დატოვებს. 

ჯულიეტა მურიძე სამი თვეა მერიის თავშესაფარში ცხოვრობს. 03.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ჯულიეტა მურიძე სამი თვეა მერიის თავშესაფარში ცხოვრობს. 03.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თავშესაფარში მოხვედრის კრიტერიუმები და ზოგიერთი უსახლკაროს გაყინვის პრესპექტივა

თავშესაფარში მოსახვედრად უსახლკარო რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს –  ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნდა იყოს რეგისტრირებული, საკუთარი თავის მოვლა უნდა შეეძლოს და თავად უნდა სურდეს აქ ცხოვრება. სწორედ სურვილის არქონას ასახელებს თავშესაფარში ადგილების დარჩენას ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი. მისი თქმით, უსახლკაროთა ნაწილი მავნე ნივთიერებებზე, მათ შორის ალკოჰოლზეა დამოკიდებული და გამომდინარე იქიდან, რომ თავშესაფარში ალკოჰოლის მოხმარება იკრძალება, ასეთი ადამიანები ქუჩაში დარჩენას ამჯობინებენ.

მერიის თავშესაფარში, რომელიც სოფელ დიდ ლილოში მდებარეობს, ამჟამად 100-ზე მეტი უსახლკარო პირი ცხოვორბს. 03.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მერიის თავშესაფარში, რომელიც სოფელ დიდ ლილოში მდებარეობს, ამჟამად 100-ზე მეტი უსახლკარო პირი ცხოვორბს. 03.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ამ კრიტერიუმებს  პრობლემად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), რომელმაც უსახლკარობის წინააღმდეგ მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკაზე კვლევა მოამზადა. ორგანიზაციის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორ ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ  თავშესაფრის წესდება დისკრიმინაციულია:

თავშესაფრის წესდებაში პირდაპირ წერია, რომ თავშესაფარი არ იღებს გარკვეულ ჯგუფებს. ამ ჯგუფებს შორის  არიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ალკოჰოლზე ან ნარკოტიკულ საშუალებებზე. ასევე, დებულების მიხედვით, გამორიცხული არიან თავშესაფრიდან ბენეფიციარები, რომლებსაც არ აქვთ თვითმოვლის საშუალება ფიზიკური ან ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გმამოდინარე. ანუ თავად პრობლემა არის თავშესაფრის წესდებაში, ანუ მის რეგულაციებში, რომელიც ამბობს, რომ გადაუდებელი თავშესაფარი არ ემსახურება ბენეფიციარებს განსაკუთრებული და სხვადასხვაგვარი საჭიროებებით”.

კიდევ ერთ პრობლემას ხედავს ომბუდსმენი.  2015 წლის სპეციალურ ანგარიშში ომბუდსმენი განმარტავს, რომ  საქართველოში არ არსებობს უსახლკარობის დაძლევის გრძელვადიანი სერვისები. მინიციპალიტეტების დონეზე არსებული ბინის ქირით უზრუნველყოფითა და დროებით თავშესაფარში გადაყვანის სერვისი მხოლოდ დადგენილი ვადითაა ხელმისაწვდომი. ბენეფიციარებს თბილისში სერვისით სარგებლობა მაქსიმუმ 24 თვით შეუძლიათ. თავშესაფრებში კი ეს ვადა 10-18 თვემდეა განსაზღვრული.

მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. როგორც თავშესაფრის დირექტორის მოადგილე, ნინო ბასეიშვილი ამბობს, ერთი თვეა, რაც თავშესაფარში სოციალური სამსახური შეიქმნა. ამჟამად სოციალური მუშაკები ბენეფიციარებს ინდივიდუალურად აფასებენ. სამომავლოდ კი იგეგმება ისეთი სერვისების დარნერგვა, რომელიც მათ გაძლიერებასა და რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

მერიის გადაწყვეტილებას თავშესაფარში სოციალური სამსახურის არსებობის შესახებ პოზიტიურად აფასებს EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე. თუმცა, მისი თქმით, ერთ-ერთი მთვარი პრობლემა, რაც თავშესაფრის ბენეფიციართა კვლევამ გამოკვეთა, თავშესაფრის ამ ფორმით და ამ ადგილას არსებობაა:

“ბენეფიციარები აღნიშნავდნენ, რომ ზოგიერთ მათგანს ჰქონდა სამუშაო ადგილი და სწორედ ლილოში განთავსების შემდგომ მათ აღარ აქვთ დასაქმების ადგილთან წვდომა. გარდა ამისა, ნაწილი ბენეფიციარების შემეთხვევაში  არაფორმალური სოციალური მხარდაჭერის ქსელებთან წვდომის პრობლემა დასახელდა მთავარ პრობლემად. ტერიტორიული სიშორე მათ სოციალურ გარემოსთან, სადაც ისინი რაღაც ტიპის მხარდაჭერას იღებდნენ, აშორებს” – ამბობს ღვინიანიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თავშესაფარმა უნდა გადახედოს საკუთრ პოლიტიკას და ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს საახლობლო წრესა და  დასაქმების კომპონენტთან წვდომაში, რათა თავშესაფრის დატოვების შემდგომ ამ ადამიანებმა  დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი