ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში უფროსკლასელებში ალკოჰოლის მოხმარების მაღალი მაჩვენებელია

1 ნოემბერი, 2016 • 3464
საქართველოში უფროსკლასელებში ალკოჰოლის მოხმარების მაღალი მაჩვენებელია

კვლევის მიხედვით, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ცენტრის (ESPAD) ტექნიკური დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა, ქართველი მოზარდები ალკოჰოლურ ნივთიერებებს თრობის მიზნით ევროპელ თანატოლებზე მეტად მოიხმარენ.

საქართველოს მასშტაბით 190 სკოლის 2500-მდე უფროსკლასელების 41%-ს დაუფიქსირდა ალკოჰოლის მწვავე ეპიზოდური მოხმარება (ალკოჰოლური საშუალების 5 ან მეტი ულუფის მიღება), უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში- ერთხელ ან მეტჯერ. ESPAD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი ამ კუთხით 35 პროცენტია.

თრობა ადრეულ ასაკში (13 წლის ან უმცროს ასაკში) კი მათმა 22%-მა გამოსცადა. მაღალია ალკოჰოლის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელიც. საქართველოში გამოკითხულთა 81 პროცენტი ალკოჰოლს ადვილად ან ძალიან ადვილად ხელმისაწვდომად მიიჩნევს. ESPAD-ის ქვეყნებში კი ეს მონაცემი 78%-ია.

აღნიშნული კვლევა საქართველოში 2015 წლის ნოემბერში ჩატარდა და იმავე მეთოდოლოგიით მომზადდა, რასაც ESPAD ევროპის 35 ქვეყანაში იყენებს. კვლევის მიზანი მოზარდებში თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, ასევე კომპიუტერსა და აზარტული თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ ისეთი მონაცემების მიღებაა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეპრეზენტაბელური იქნება ამ ასაკობრივ ჯგუფებში და სხვა ქვეყნებთან შედარების საშუალებას იძლევა.

კვლევა აჩვენებს, რომ ქართველი მოზარდების 12 პროცენტი თამბაქოს რეგულარულად მოიხმარს.  მათმა 4-მა პროცენტმა კი თამბაქოს ყოველდღიური მოხმარება 13 წლის ან უფრო ადრეულ ასაკში დაიწყო.

სიცოცხლის განმავლობაში 2500-მდე მოსწავლის 43%-ს თამბაქო ერთხელ მაინც გაუსინჯავს. მოსწავლეების 21-მა პროცენტმა პირველად თამბაქო 13 წლამდე ასაკში გასინჯა.

კვლევა ახალგაზრდებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასაც მოიცავს. როგორც ESPAD-ის კვლევაშია ნათქვამი, მოსწავლეების 11-მა პროცენტმა აღნიშნა (იგივე მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ჩეხეთშია – 37%) , რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვთ გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში. მათმა 4-მა პროცენტმა კი ნარკოტიკული საშუალება ბოლო 30 დღის განმავლობაში გამოიყენა. ამ კუთხით ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფრანგეთშია (17 პროცენტი).

რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენებას, ამ მაჩვენებლში ქართველი ახალგაზრდები, ევროპელი თანატოლების მსგავსად, ყველაზე ხშირად სოციალურ მედიას იყენებენ.

აზარტული თამაშებით ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში გამოკითხულების 14% დაკავდა. ESPAD-ის ქვეყნების ჩამონათვალში ამ მონაცემით საქართველო მე-15 ადგილზეა. პირველ ადგილს 30%-ით საბერძნეთი იკავებს, სიის ბოლოში კი მოლდოვაა 5 %-ით.

აღნიშნული კვლევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ შეაფასა. ნინო ბერძულის თქმით, მსგავსი მასშტაბის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა და მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საშუალებას იძლევა, მონაცემები ევროპის სხვა ქვეყნებს შევადაროთ. განსაკუთრებული ყურადღება კი იმ მაჩვენებლებისკენ უნდა იყოს მიმართული, რომლებშიც საქართველო ევროპის სხვა ქვეყნებს აჭარბებს:

ვფიქრობ, ეს [კვლევის შედეგები] იქნება მსჯელობის საგანი და შემდგომი ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისთვის აუცილებელი. განათლების, სპორტის სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და საფუძველი დაედება პრევენციული მექანიზმების შემუშავებას,”  – ამბობს ბერძული.

მასალების გადაბეჭდვის წესი