დღეს, 20 საათისთვის, არჩევნების მეორე ტურში, 50-ვე ოლქში 929 265 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც არის სრული რაოდენობის 37.5%.
ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურში ბევრად მაღალი იყო- 51.63%.
ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთის #37 ოლქში დაფიქსირდა, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 62.53% მივიდა. #37 ოლქში ერთმანეთს დიმიტრი ხუნდაძე (“ქართული ოცნება”) და ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) უპირისპირდებიან.
თბილისის არც ერთ უბანზე აქტივობა 40%-ს არ აღწევს.
ყველაზე დაბალი აქტივობა გორის #41 საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 21.84% მივიდა. გორის #41 ოლქში მეორე ტურში იოსებ მაკრახიძე (“ქართული ოცნება”) და ირაკლი ალასანია (“თავისუფალი დემოკრატები”) გავიდნენ. ალასანიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, შესაბამისად, მაკრახიძეს კონკურენტი არ ჰყავს.
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა.
არჩევნები, საერთო ჯამში, ტარდება 2 229 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა რაოდენობა, ჯამში, 2 478 042-ია.