ახალი ამბები

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სხვა დარღვევები – ISFED-ის მონამეცები 19:00 საათისთვის

30 ოქტომბერი, 2016 • 1683
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სხვა დარღვევები – ISFED-ის მონამეცები 19:00 საათისთვის
19:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩანაწერთა წიგნებში დაფიქსირდა 49 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 31 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 32 საჩივარი.
ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 19:00 საათის მდგომარეობით შემდეგი დარღვევები დააფიქსირეს:
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
 #36 მაჟორიტარული ოლქის #50 საარჩევნო უბანზე (მარნეული) კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა ბიულეტენი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევით მიაწოდა საარჩევნო ყუთის ზედამხედველს, რომელმაც ბიულეტენი საარჩევნო ყუთში თავად მოათავსა.
ხელმეორედ ხმის მიცემა
 #36 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ამომრჩეველთა სიაში არ იყო მითითებული ინფორმაცია იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც ხმას აძლევდნენ გადასატანი ყუთის საშუალებით. შედეგად ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა: უბანზე და გადასატანი ყუთის მეშვეობით.
ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა
 #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბნის (ბათუმი) მიმდებარე ტერიტორიაზე პ/გ „ქართული ოცნების“ კანდიდატის თანმხლებმა პირმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების გადაღების საშუალება არ მისცა.
 
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
 
 #36 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ამომრჩეველი პ/გ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალით იმყოფებოდა, კერძოდ, მას ეხურა ქუდი, რომელზეც გამოსახული იყო პარტიის რიგითი ნომერი.
არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე
 #60 მაჟორიტარული ოლქის #35 საარჩევნო უბანზე (ლანჩხუთი) არაუფლებამოსილი სუბიექტის, „ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი, ალეკო მეგრელიძე იმყოფება;
 #61 მაჟორიტარული ოლქის #40 საარჩევნო უბანზე (ოზურგეთი) ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდა;
 
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება
 
 #49 მაჟორიტარული ოლქის #83 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) ჩანაწერთა წიგნში კომისიის ბეჭდის ნომრის ნაცვლად მითითებულია „2016“. აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარემ დაწერა ახსნა-განმარტება;
 #29 მაჟორიტარული ოლქის #73 საარჩევნო უბანზე (რუსთავი) ამომრჩეველთა ხელმოწერების დათვლისას, ხელმოწერების რაოდენობა გაცემული ბიულეტენების რაოდენობაზე ერთით ნაკლები აღმოჩნდა;
 #49 მაჟორიტარული ოლქის #93 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) საკონტროლო ფურცელზე არაა მითითებული ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;
 #49 მაჟორიტარული ოლქის #80 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) სამმა კომისიის წევრმა საკონტროლო ფურცელს ხელი არ მოაწერა.
გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული ხარვეზები
 #47 მაჟორიტარული ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) გადასატანი საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩევლის სიაში არ იყო კომისიის წევრის ხელმოწერა;
 #70 მაჟორიტარული ოლქის #76 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) ამომრჩეველმა ბიულეტენი შეცდომით მოათავსა გადასატან ყუთში, რის გამოც გადასატანი ყუთი დაილუქა. შედეგად, გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა 7 ამომრჩეველმა დაკარგა ხმის მიცემის უფლება;
 #2 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (ვაკე) გადასატანი ყუთის კომისიის წევრებმა იმაზე ერთით ნაკლები ბულეტენი დააბრუნეს უკან, ვიდრე  სიაში არსებული ხელმოწერებისა და წაღებული ბიულეტენების სხვაობა უნდა ყოფილიყო.
 #36 მაჟორიტარული ოლქის #7 (მარნეული) და #61 მაჟორიტარული ოლქის (ფოთი) #15 საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული.
 
მარკირების პროცედურის დარღვევა
 
 #11 მაჟორიტარული ოლქის #20 საარჩევნო უბანზე (სამგორი) ამომრჩეველს ჯერ მარკირება გაუკეთეს და სიაში გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ იგი არაა მოცემული უბნის ამომრჩეველი, რის გამოც მან ხმის მიცემის უფლება დაკარგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი