ახალი ამბები

ზურაბიშვილი ცესკოსგან მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს

30 ოქტომბერი, 2016 • 1312
ზურაბიშვილი ცესკოსგან მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს

მთაწმინდის ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური სააღჩევნო კომისიისგან  მაქსიმალურ კონტროლს და სიმკაცრეს მოითხოვს, რათა მარკირებული ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ვერ შევიდეს:

“დილიდან ვრცელდება ინფორმაცია და ფაქტები, რომ ძალიიან ბევრი ადამიანი მიდის უბნებზე, რომლებსაც უკვე აქვთ მარკირება. ჩვენ  მივედით პირველ უბანზე, სადაც ჩვენს ამომრჩევლებს უარი უთხრეს შესვლაზე იმიტომ, რომ მარკირება ჰქონდათ. ჩვენც არ შევუშვით და ჩვენს ყველა წარმომადგენელს ვთხოვეთ ყველა უბანზე, რომ ვინც არ უნდა იყოს მარკირების ნიშნებით, არავის მისცენ უფლება, უბანზე შევიდეს. ეს გრძელდება მთელი დღის მანძილზე, ცესკომ ერთი საათის წინ გააკეთა განცხადება, სადაც თავადაც აღიარებენ ამ ფაქტს. იმედი მაქვს, ცესკო მხოლოდ ფაქტის აღიარებით არ შემოიფარგლა და თავმჯდომარეებს მისცა გაფრთხილება, მარკირებით არავინ შეუშვან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს მკაცრად გაკონტროლდეს, მეტადრე საღამოს საათებში”,- განაცხადა ზურაბიშვილმა დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მეორე ტურებში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, განსაკუთრებით კი, მთაწმინდის ოლქის უბნებზე, მარკირებული ამომრჩევლის მასობრივად მისვლა ორგანიზებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ამის შესახებ 18:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიექლაძემ განაცხადა.

“დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია მთაწმინდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის უბნებზე მარკირებული ამომრჩევლის მასობრივი მისვლის შესახებ. აღნიშნული ერთეული ფაქტები დაფიქსირდა როგორც ისნის, ისე ფოთისა და ქუთაისის მაჟორიტარული საარჩევმნო ოლქების უბნებზე. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი მასობრივი ფაქტები, კონკრეტულად კი, საუბარია მთაწმინდის ოლქზე, ტოვებს ეჭვს ორგანიზებული მცდელობის შთაბეჭდილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნშნულმა პიროვნებებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომბრის შემდეგ ჰქონდათ ხელზე ეს მარკირება. საარჩევნო ადმინისტრაციამ, კანონმდებლობის თანახმად, არც ერთ მათგანს არ მისცა ხმის მიცემის შესაძლებლობა,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი